მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება" - ჯანდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს

5db2c6ade166e
თელარა გელანტია
25.10.19 13:58
2430
ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება, - ასე უპასუხა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქმე იმაშია, რომ მედია ცდილობდა მინისტრისგან მიეღო პასუხი კითხვებზე, თუ რატომ შეუწყდა სოციალურად დაუცველ რიგ ოჯახებს სახელმწიფო დახმარება.

ტიკარაძის მტკიცებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დახმარება შეუჩერდათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მათთვის განმარტება გავაკეთეთ. ეს არის 4-წლიანი ციკლი, რომელიც მეორდება და ისინი ყოველთვის არიან საქმის კურსში. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება ეკუთვნის, ეს განაცდური თვეები მათ აუნაზღაურდებათ გადამოწმების შემდეგ. თქვენ არ ფლობთ სწორ ინფორმაციას. თქვენ ახლა ცდილობთ მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში. გადამოწმება დაიწყო აგვისტოში, შესაბამისად, მათ 6 თვის წინ ვერ შეუჩერდებოდათ დახმარება. ახლა ჩვენ ვკამათობთ ისეთ აბსურდულ თემაზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გეგმური გადამოწმება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში მეორდება და არ არის თანხების დაზოგვის მიზნით. მიზნობრივ ჯგუფებს ისევ დაენიშნებათ დახმარება. დეტალურ პასუხს ჩემი მოადგილე გაგცემთ“, - განუცხადა მინისტრმა მედიას.

ამ პასუხის შემდეგ ჟურნალისტმა ეკატერინე ტიკარაძეს „შეახსენა“, რომ ის თავადაა ჯანდაცვის მინისტრი.

„ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება. გიპასუხეთ თქვენს კითხვაზე. როდესაც გადამოწმება დასრულდება, მათ განაცდური თვეები აუნაზღაურდებათ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ერთი-ორი თვე“, - ასე უპასუხა ტიკარაძემ მედიის რეპლიკას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები