მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიდრე სამუშაოები დაიწყება, ყველა რისკი უნდა გავთვალოთ“ - ბენდელიანი გორგასლის ბულვარის პროექტზე

6492bd4d1b372
სალომე ხიდურელი
21.06.23 18:35
796
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიასთან დედაქალაქში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარშალ გელოვანზე ახალი გზის გაგრძელებისა და კრწანისის რაიონში გორგასლის ბულვარის პროექტები დღის წესრიგში დგას, თუმცა სამუშაოების დაწყების ვადები უცნობია.

„ამ მასშტაბის პროექტებს თან აუცილებლად სდევს გარკვეული სირთულეები. ეს არ არის მარტივი პროექტი, რომ პირობითად, გზა ავიღოთ და დავაგოთ, ურთულესი პროექტია ერთიც და მეორეც. სანამ კონკრეტული სამუშაოები დაიწყება ან უფრო მეტი დეტალი იქნება მოსახლეობისთვის ცნობილი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვქონდეს ყველაფერი დამუშავებული მაქსიმალურად, ყველა რისკი უნდა გვქონდეს გათვლილი“, - ამბობს ბენდელიანი.

მისივე განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა მწვანე სივრცეების შენარჩუნებაა.

„გორგასალის ბულვარის შემთხვევაში, ვიზუალი იყო შესახედად მშვენიერი, თუმცა უფრო მეტ დეტალებზე რომ გადავედით, ფაქტობრივად, შუაში გამწვანებული ხეების ზოლის ნახევარზე მეტი უნდა მოჭრილიყო. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით, იმიტომ, რომ არც ერთი იფრასტრუქტული პროეტქი არ გვინდა განვახორციელოთ მწვანე სივრცეების ხარჯზე.

პირიქით, სადაც ასეთი პროექტები ხორციელდება, იცით, რამდენიმე გამზირი და ქუჩა კეთდება ქალაქში, ყველგან პრიორიტეტი გვაქვს, რომ მეტი დამატებითი სივრცე შევქმნათ. ამიტომ ის, რომ იქ გვირაბი გაგვეკეთებინა, გზა გაგვეკეთებინა, რენდერზე მარტივია, თუმცა ხეებს და ბულვარს მაგის გამო ჩვენ არ გავანადგურებდით და ამიტომ ძალიან დეტალურად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გაანალიზება, რომ განხორციელების დროს რამე პრობლემები არ შეიქმნას“, - ამბობს მერის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ კრწანისის რაიონში გორგასლის ბულვარის მოწყობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც 8 სხვა პროექტთან ერთად მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ 2021 წელს წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები