არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ მდიდარი ადამიანები ციხეში არ მიდიან, რაც იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სათანადო მოცულობის ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, შეძლებულ დამნაშავეს მარტივად შეუძლია თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, თუმცა ვიეტნამის შემთხვევაში ეს ასეთი მარტივი არ არის. ამჯერად, ვიეტნამის სასამართლომ მილიარდერ უძრავი ქონების მაგნატს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
სასამართლოს განმარტებით, ტრუონგ მაი ლანს ბრალად ედება $12-მილიარდიანი თაღლითური სქემის ოპერირება და ათასობით მომხმარებლის მოტყუება, რის გამოც ის სიკვდილით დასჯას იმსახურებს.
როგორც გამოძიებიდან ირკვევა, მილიარდერი ბიზნესვუმენის პარტნიორები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მთავრობის წევრების მოსყიდვაში, დოკუმენტების გაყალბებაში და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ოპერირებაში, რომელიც ათობით სამშენებლო კომპანიას, ბანკს და საჯარო უწყებას მოიცავდა.
თაღლითები იპარავდნენ როგორც მომხმარებლების, ასევე ქვეყნის მოსახლეობის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან, სწორედ ამიტომ, მაი ლანის დაკავების შემდეგ, თანამდებობა ასამდე კორუმპირებულმა საჯარო მოხელემ დატოვა, რომელთა წინააღმდეგ ამჟამად სათითაოდ მიმდინარეობს გამოძიება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ბოლო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ბრალდებული განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, თუმცა საქმის მასშტაბებიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება და თაღლითი ბიზნესვუმენი სიცოცხლეს დაემშვიდობება.