მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობენ

64a2d20fd7403
გიორგი თოლორდავა
04.07.23 00:00
815
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უჩვეულოდ იმატა იმ მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობისგან და, ზოგადად, რუსეთის ფედერაციისგან გამიჯვნას ცდილობენ.

ასეთ ადამიანებს შორის არიან მილიარდერები და ქვეყნის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენებიც. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მეწარმე გასცა მხოლოდ სიტყვიერი გმობის ფარგლებს და პროტესტის ყველაზე რადიკალურ ფორმას მიმართა, რაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას გულისხმობს.

ომის დაწყებიდან დღემდე, Forbes-ის რეიტინგიდან ექვსმა მეწარმემ უკვე მიიღო რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, მათ შორის, ერთ-ერთმა ეს გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.

იური მილნერი

ჩამონათვალი აუცილებლად რუსეთში დაბადებული მილიარდერი ებრაელი მეწარმითა და ინვესტორით, იური მილნერით უნდა დავიწყოთ. მართალია, მან რუსეთის ფედერაცია 2014 წელს დატოვა, თუმცა მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად სწორედ 2022 წელს განაცხადა, ცხადია, ომის პროტესტის ნიშნად.

ცნობისთვის, მილნერი Mail.ru ჯგუფის თანადამფუძნებელია, თუმცა მისი ქონების უდიდესი ნაწილი არა რუსეთის ფედერაციას, არამედ ამერიკის სილიკონის ველს უკავშირდება. ის ცნობილია სხვადასხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებში განხორციელებული ინვესტიციებით, მათ შორის ყველაზე წარმატებული მაგალითი კი Facebook-ს, Twitter-ს, Snapchat-სა და Airbnb-ის უკავშირდება.

Forbes-ის შეფასებით, მილნერის ქონება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის რუსეთის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მილნერის ფონდმა 100 მილიონი დოლარი გამოყო.

ტიმურ ტურლოვი

მილიარდერების სიაში შემდეგია რუსი ფინანსისტი და ინვესტორი ტიმურ ტურლოვი. იგი საბროკერო ფირმის, Freedom Finance-ის დამფუძნებელია, რომელიც Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზეა დალისტული.

ტურლოვმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი სწორედ 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ თქვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საჯარო განცხადებაში მისი ოფიციალური წარმომადგენლობა მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზად ყაზახეთში გადასვლას ასახელებს.

Forbes-ის შეფასებით, ტურლოვის ქონება 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ამჟამად ყაზახეთის უმდიდრეს მოქალაქეებს შორისაა.

რუბენ ვარდანიანი

სომეხი მილიარდერი ბიზნესმენი, რუბენ ვარდანიანი მორიგი გავლენიანი პიროვნებაა, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე 2022 წელს უარი ოფიციალურად განაცხადა.

ვარდანიანმა რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღო. მისი განმარტებით, ეს ქმედება პირდაპირ კავშირში იყო მის ყარაბაღის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან. ვარდანიანის განცხადებით, მას საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია, თუმცა ის საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ვალდებული იყო, რომ ეს საპასუხისმგებლო მისია ეკისრა და ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა. მართალია, ის უკვე ამ თანამდებობიდან გადადგა, თუმცა რუსეთის მოქალაქეობის დაბრუნებას ვარდანიანი ისევ არ აპირებს.

Forbes-ის შეფასებით, სომეხი ბიზნესმენის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ნიკოლაი სტორონსკი

უშუალოდ ომის დაწყების გამო, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა მილიარდერმა მეწარმე ნიკოლაი სტორონსკიმ.

38 წლის სტორონსკის ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ის გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანიის, Revolut-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

Revolut-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, სტორონსკის პოზიცია რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან დაკავშირებით საჯაროდაა ცნობილი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომი სრულად გაუმართლებელია და სტორონსკი მტკიცედ მოითხოვს მის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

მართალია, სტორონსკის მამა კომპანია Gazprom-ის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, თუმცა უშუალოდ ნიკოლაის გამდიდრება ბრიტანეთში მის სამეწარმეო საქმიანობასთან და 2015 წელს ნეობანკ Revolut-ის დაფუძნებასთანაა დაკავშირებული.

Forbes-ის შეფასებით, სტორონსკის ქონება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, მის მიერ დაფუძნებული Revolut-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 33 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

ოლეგ ტინკოვი

ჩამონათვალში რიგით მეხუთე კი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ნეობანკის, Tinkoff-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვია.

რუსმა მეწარმემ და ინვესტორმა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მეთქვა. არ მინდა კავშირი მქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელმაც მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ უმიზეზოდ დაიწყო ომი, რომელიც ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანებს კლავს. ამ ქვეყნის პასპორტის ტარება ჩემთვის სირცხვილია", - განაცხადა ტინკოვმა.

მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას სხვა რუსი მილიარდერები და გავლენიანი პირებიც მიიღებენ, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ეტაპობრივად დასუსტდეს და საბოლოოდ დაემხოს.

ოლეგ ტინკოვი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ტექნოლოგიური ნეობანკის, Tinkoff-ის დამფუძნებელია, რომელიც მოსკოვში 2006 წელს დაარსდა. 2021 წელს ტინკოვის ქონება 4 მილიარდ დოლარს აღწევდა, თუმცა Forbes-ის შეფასებით, ამჟამად მისი ქონება 650 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.

მისი დაღმასვლა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ გავრცელებული კრიტიკული განცხადებების გამო, მას Tinkoff Bank-ის იძულებით გაყიდვა მოუწია. ტინკოვის თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის საჯაროდ გაკრიტიკების გამო, მთავრობის წარმომადგენლებმა ის სამაგალითოდ დასაჯეს და მას Tinkoff Bank-ის გაყიდვა აიძულეს, თანაც რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფად, როგორც თავად ამბობს, კაპიკებში.

იგორ მაკაროვი

გასულ კვირას მილიარდერების სიას კიდევ ერთი ბიზნესმენი, იგორ მაკაროვი შეუერთდა, რომელიც ენერგეტიკული კომპანია „არეტის“ დამფუძნებელია. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთმა და კანადამ მაკაროვს სანქციები დაუწესეს. ბიზნესმენის განცხადებით, მას არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის მთავრობასთან და ეს სანქციებიც მას უსაფუძვლოდ დაუწესდა.

მაკაროვი აწ უკვე რიგით მეექვსე ადამიანია Forbes-ის მილიარდერთა სიიდან, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. ზუსტად რა მიზეზი და მოტივები დგას ბიზნესმენების ქმედების მიღმა, ეს რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთისგან განდგომის ტალღა დაიძრა და ამ ომის დაწყებამდე თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომელიმე წარმატებულ რუს ბიზნესმენს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა გაებედა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები