საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებაში იფიქრებენ იმაზე რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების სახეების იდენტიფიცირებისთვის კანონში შეიტანონ ცვლილებები. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპოლიციო ძალების საიდენტიფიკაციო ნიშნებს შეეხებოდა.
კითხვაზე - საპოლიციო ძალების წარმომადგენლები დაფარული სახეების მიუხედავად ერთმანეთს კარგად იცნობენ, როგორ ხდება მათი იდენტიფიცირება?
ერთია რომ კანონი არ გავალდებულებთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნების დატანას საპოლიციო ძალების წარმომადგენლების ფორმაზე, მეორე არის რომ შსს-ს არაერთ ბრძანება, რომელიც კანონით განსაზღვრულ მოცემულობას აზუსტებს. რატომ არ ცდილობთ რომ ამ მხრივ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმე გაუმარტივოთ?
ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ გუშინ მედიის მიერ გავრცელებულმა სიებმა, სადაც საპოლიციო ძალების წარმომადგენლების ვინაობები იყო წარმოდგენილი დაადასტურა, რომ მათ ფორმებზე ამომცნობი ნიშების დატანა მიზანშეწონილი არ იყო. საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა იდენტიფიცირების ნაცვლად ირაკლი კობახიძემ მომიტინგეების იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ამ ფაშისტურმა სიებმა [რომელიც გუშინ მედიასაშუალებებმა საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა შესახებ გაავრცელეს] დაადასტურა, რომ შეიძლება არც ყოფილიყო მიზანშეწონილი ამომცნობი ნიშნების დატანა ამ ფორმებზე. ასევე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, როგორიც არის სახის დამალვის საშუალებები, ამ დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ იქ მისულ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს, მოძალადე ნაცებს იმიტომ ეკეთათ ნიღბები, რომ მათ ძალადობისთვის მზაობა ჰქონდათ. ჩვენ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე ვიფიქრებთ, პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე ესენი არიან მოძალადე ნაცები, რომლებიც მიდიან მიტინგებზე“, - განაცხადა კობახიძემ.