ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოს (EBA) ვიცე-პრეზიდენტი, ირინა საკი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ვითარება კომპანიების საინვესტიციო გეგმების გადახედვას გამოიწვევს. ამის შესახებ მან 9 ბიზნესგაერთიანების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანიებისგან არაერთ კითხვას იღებენ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით.
„ინვესტიციის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კომპანიებს დრო სჭირდებათ, ეს 2-3-4 წელს მოითხოვს. ეს გადაწყვეტილება ეკონომიკურ პოლიტიკურ და სხვა ფაქტორებს ეფუძნება. გასულ წლებში საქართველო იღებდა ინვესტიციებს, განსაკუთრებით ევროპული კომპანიებისგან. ამ კანონის [რუსული კანონი] გამო, გერმანული ბიზნეს ასოციაციის მსგავსი გამოწვევა გვაქვს. ვიღებთ უამრავ სატელეფონო ზარს და მოთხოვნას, რადგან კომპანიები ცდილობენ გაიგონ, თუ რა ხდება და სად მივდივართ. თუ კომპანიების საინვესტიციო გადაწყვეტილებებს შეაჩერებენ, ეს ნიშნავს, რომ 4-5 წლით უკან დახევა მოხდება",- აცხადებს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ხელმძღვანელმა, საშა ტერნესმა ასევე თქვა, რომ ბევრი ინვესტორი უკავშირდება კითხვებით.