"ვილაჯიო მირზაანი რეზორტი" მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის განვითარებას აპირებს, რაშიც დაახლოებით 200 000 დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, რატი ტოკლიკიშვილმა განაცხადა.
ობიექტი კახეთში, სოფელ მირზაანში 2022 წელს გაიხსნა და თავდაპირველად 10 ეკომეგობრულ კოტეჯს, რესტორანსა და ვერანდას აერთიანებდა. თუმცა, მზარდი მოთხოვნისა და ინტერესის გამო, სერვისის დახვეწა დაიწყეს. სივრცეს ორი დიდი დახურული აუზი და 25 სასტუმროს ნომერი დაამატეს.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე სასტუმროში 80 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. ნომერში ერთი ღამით განთავსების ღირებულება კი, საუზმით 200-დან 300 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„წელს, ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება, კერძოდ გაზაფხულზე რესტორანს ვაშენებთ. ამასთან, ვენახი და ბაღ-ბოსტანი გავაშენეთ. შესაბამისად, რესტორანი ადგილზე მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტით მომარაგდება. გარდა ამისა, შატოს მშენებლობა მიმდინარეობს, ანუ მარანს ვაკეთებთ, სადაც სადეგუსტაციო ტურის გაკეთებას ვგეგმავთ.
ზოგადად, ობიექტზე სერვისების სახით, სხვადასხვა ტურების დამატებასაც ვგეგმავთ. კერძოდ, საცხენოსნო ტურები, კვადრო ტურები და ა.შ. რომლებიც სეზონზე უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
საერთო ჯამში, მიმდინარე პროექტების განხორციელების მიზნით, ჯამში 200000 დოლარის ინვესტიციის ჩადებას ვგეგმავთ,“-აცხადებს ტოკლიკიშვილმა.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს ტურისტული ობიექტი აქტიურად დატვირთული იყო. მათ შორის, არასეზონურ პერიოდში, მათი დატვირთულობა 60%-ს შეადგენდა. სასტუმროს არასეზონურ პერიოდში, ძირითადად ქართველი ტურისტების სტუმრობდნენ, თუმცა სეზონზე, ქართველ სტუმრებთან ერთად, ტურისტებიც ჭარბობდნენ, მათ შორის გერმანელი, არაბი და ჩინელი სტუმრები.
ტურისტული ობიექტის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ დრომდე, ობიექტის განვითარებისთვის 1 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და ჯამში 15-მდე ადამიანს ასაქმებენ.