საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განახლდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე 27 ევროპული ქვეყნის ლიდერმა ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში პრობლემური განვითარებების საპასუხოდ. მისი თქმით, გასულ თვეებში გაწევრიანების მიმართულებით ბევრი დრო დაიკარგა.
ელჩი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მზადაა იმუშაოს საქართველოს მოქალაქეების მიერ დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დაინტერესებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესით.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან ერთად, რათა აღდგეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი. სამწუხაროდ, გასულ რამდენიმე თვეში ბევრი დრო დაიკარგა, გაწევრიანების პროცესი გაჩერდა. ეს კი იმ ფონზე ხდება, როდესაც უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიიწევენ წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საჭიროა, რომ დავეწიოთ. ჩვენი მხრივ, ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის, გელოდებით“,- განაცხადა ელჩმა.
ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობა კონსტიტუციურ უფლებასთან ერთად, მოქალაქეობრივი ვალია და მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.