ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის და NATO-ს მომავალი გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს თქმით, იგი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე მედიას განუცხადა. ჟურნალისტების კითხვა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებს ეხებოდა, რაზეც რიუტემ აღნიშნა, რომ NATO-ს შესახებ კომენტარს 1 ოქტომბრამდე ვერ გააკეთებს.
რიუტემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხს, სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზეც მოკლედ შეეხებიან.
“ვღელავ საქართველოს ევროკავშირში მიღების საკითხზე, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე. ამის შესახებ პრეზიდენტსაც ვესაუბრეთ, რომელიც, ვფიქრობ, შესანიშნავი ლიდერია, თუმცა პარლამენტმა შეძლო მისი ვეტოს დაძლევა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ პრეზიდენტს და ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროპულ გზას, თუმცა NATO-ს შესახებ კომენტარს 1 ოქტომბრამდე ვერ გავაკეთებ”, - ამბობს მარკ რიუტე.
კითხვაზე, რას უნდა ელოდოს საქართველო NATO-სა და EU-სგან, რიუტე აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
“პირველ რიგში, რას უნდა ველოდოთ თქვენგან, საქართველოს მთავრობისგან? ეს თქვენზეა დამოკიდებული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება თავის არჩევანს”, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ნიდერლანდების პრემიერი, მარკ რიუტე მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისმა თავისი კანდიდატურა მოხსნა - მოვალეობის შესრულებას რიუტე იენს სტოლტენბერგის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2 ოქტომბრიდან შეუდგება.
27-28 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე იკრიბებიან, სადაც საგარეო პოლიტიკის საკითხების ფარგლებში, საქართველოზეც იმსჯელებენ.