"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" და რომანოვების სასახლის განახლების საკითხზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. კობახიძემ ამის შესახებ პარლამენტში, დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, ლიკანის რომანოვების სასახლის საკითხი განხილული უნდა იყოს კომპლექსურად, სასტუმრო ინფრასტრუქტურასთან ერთად.
„სასტუმრო ინფრასტრუქტურაც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას და შეგვიძლია, გავცეთ დაპირება, რომ ვიმუშავებთ კომპლექსურად, როგორც სასტუმროს განახლების საკითხზე, ასევე ამასთან ერთად ლიკანის სასახლის განახლების საკითხზე და მალევე მივიღებთ გადაწყვეტილებას. თქვენი ჩართულობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხება რაბათის ციხის რეაბილიტაციას, ბატონ რეზი სოხაძესთან გვქონდა საუბარი და დავიწყებთ მუშაობას და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფ ვადებში განვახორციელოთ რეაბილიტაციის პროექტი. რაც შეეხება ადიგენის კულტურის სახლს, აქაც მულტიფუნქციური მიდგომით გვინდა წავიდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ადიგენი არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ასეთი ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არის უზრუნველყოფილი, მათ შორის კულტურის სახლიც პრაქტიკულად არ არსებობს, ადიგენი იქნება ერთ-ერთ პრიორიტეტი. დღეს კონკრეტული ვადის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ უახლოეს მომავალში, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც მთელს ქვეყანას მოიცავს და იქ იქნება ასახული პრიორიტეტები ვადების გათვალისწინებით. იგივე ეხება ასპინძის სტადიონსაც, ესეც ერთიანი გეგმის ნაწილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ბორჯომის ტრანზიტული მოძრაობის საკითხს, კობახიძის თქმით, ეს სერიოზული გამოწვევაა კურორტისთვის, თუმცა სპეციალისტების მოსაზრებიდან გამომდინარე, პროექტზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საკითხის სიღრმისეული კვლევა.
"კომპლექსური საკითხია, მათ შორის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ შეიძლება დაიკარგოს უნიკალური ბორჯომის წყალი ინფრასტრუქტურული ჩარევის საფუძველზე", - თქვა კობახიძემ.




























