დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 141-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო/სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს ამ პირთა სრულ სიას, რომელშიც შედიან არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, პროკურორები და ცრუმოწმე პოლიციელები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.
დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.
ანონიმური სანქციები (სავიზო შეზღუდვა / ქვეყანაში შესვლის აკრძალვა)
2024 წლის გაზაფხულიდან რამდენიმე ქვეყანამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ანონიმური სავიზო / სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესა, რაც 200-ზე მეტ პირს შეეხო:
შეერთებულმა შტატებმა – 110-ზე მეტ პირს დაუწესა ვიზაზე შეზღუდვები (იხილეთ სრული ქრონოლოგია ქვემოთ), მათ შორის: პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობისა და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ჩინოვნიკებს, კორუმპირებულ ბიზნეს ლიდერებს, პროპაგანდისტებს, ზოგიერთ კერძო მოქალაქეს და ყველა ამ პირის ოჯახის წევრებს.
ამ პირთა ზუსტი ვინაობა არ გასაჯაროებულა ვიზის კონფიდენციალურობის შესახებ კანონმდებლობის გამო. თუმცა, თითოეული ამ პირისთვის შეზღუდვა ასევე ვრცელდება მათ ოჯახის წევრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასანქცირებული პირების რეალური რაოდენობა მთლიანობაში რამდენიმე ასეულია.
გერმანიამ – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 13 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე“. ამ პირთა ვინაობა ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 9 პირის ვინაობის შესახებ.
ლატვიამ – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 84 მოქალაქეს. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.
პოლონეთმა – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.




























