საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული სქემის გამო დაკავებულია უწყების სამი ჩინოსანი, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 1 333 728 ლარის გაფლანგვას. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (თაღლითურად მითვისება დიდი ოდენობით), რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ხაინდრავას საქმიანი ბიოგრაფია
გიორგი ხაინდრავა თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა 2017 წლიდან.
- 2017-2019 წლებში იყო ელექტრონული შესყიდვების სამმართველოს უფროსი;
- შემდგომ დაინიშნა დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
- 2019 წლის ნოემბერში გახდა შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი;
- ხოლო 2022-2024 წლებში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
დეკლარაცია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ 2025 წლის 30 აპრილს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ხაინდრავას ჰყავს მეუღლე, ნინო სხილაძე რომელიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრი სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა და ერთი შვილი.
დეკლარაციის თანახმად, ხაინდრავას საკუთრებაშია თბილისში მდებარე ორი ბინა:
- 69.7 კვ.მ ფართის ბინა წყნეთში, შეძენილი 2011 წელს, რომლის ღირებულება 48,000 აშშ დოლარია;
- მეორე ბინა — 142.76 კვ.მ ფართის — საკუთრებაში აქვს მის მეუღლეს, ნინო სხილაძეს, რომელიც 2018 წელს 176,365 ლარად შეიძინა.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ოჯახზე მხოლოდ ერთი ავტომობილია რეგისტრირებული,TOYOTA CHR 2024, რომელიც ნინო სხილაძემ 2024 წლის ივლისში 68,976 ლარად შეიძინა.
დეკლარაციის მიხედვით, ხაინდრავას ანგარიშებზე არსებული ნაშთი მცირე მოცულობისაა. მას საქართველოს ბანკის ანგარიშზე 1499.62 დოლარი ერიცხება, ხოლო დანარჩენი ანგარიშების ბალანსი ნულოვანია ან უმნიშვნელო თანხებია.
ხაინდრავა ფლობს შპს „ახალი საქართველო“-ს, თუმცა აღნიშნული საწარმოს შემოსავალი დეკლარაციის მიხედვით, ნულის ტოლია.
ყოფილმა მინისტრის მოადგილემ 2024 წელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობით 12,930 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.
ნინო სხილაძე კი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში 2024 წელს დაახლოებით 52,283 ლარის ოდენობის ანაზღაურებას იღებდა.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ 2024 წლის ივლისში სხილაძემ ავტომობილი (MINI Countryman) გაყიდა 5,900 აშშ დოლარად, ხოლო იმავე თვეში ტოიოტას ახალი ავტომობილი შეიძინა.
საჩუქრის სახით 2024 წლის ივლისში, სხილაძემ ძმის, ალექსანდრე სხილაძისგან 15,000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენ 2 დაკავებულს მათი დეტალური ბიოგრაფია საჯარო წყაროებში არ იძებნება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ ღუდუშაურია, რომელიც უწყებაში 2019 წლიდან მუშაობდა – თავდაპირველად შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, 2021 წლიდან კი უკვე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ღუდუშაურის საჯარო სექტორში საქმიანობა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროთი არ შემოიფარგლება. მანამდე ის სხვადასხვა პოზიციაზე მსახურობდა როგორც საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ისე იუსტიციის სამინისტროში.
რაც შეეხება მესამე დაკავებულს, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავს. სუსი მის ვინაობას არ ასახელებს. მხოლოდ წერს ინიციალებს: „ვ.მ.“
მედიაში გავრცელებული პირველადი ცნობებით, ეს არის ბურჭულაძის ცოლისძმა და რადგან ბურჭულაძის მეუღლე დეკლარაციის მიხედვით ნინო მხეიძეა, დაკავებულის გვარის პირველი ასო ემთხვევა სუსის გავრცელებულ ინფორმაციას.




























