მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის და რას წარმოადგენს ნობელის პრემიის ლაურეატი, კლაუდია გოლდინი?

გოლდინი

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიმდინარე წელს ამერიკელმა პროფესორმა კლაუდია გოლდინმა მოიპოვა, რომელმაც საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან მილიონი დოლარის ფულადი ჯილდოც მიიღო.

გოლდინი 1946 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და მან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღო 1972 წელს. დოქტორად კურთხევიდან რამდენიმე თვეში ის ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკურ კათედრას შეუერთდა და ის დღემდე ჰარვარდის პროფესორად მუშაობს.

გოლდინის კვლევის სფერო ეკონომიკურ პრიზმაში გენდერულ სხვაობას და უთანასწორობას უკავშირდება. 1990 წელს მან სამეცნიერო შინაარსის წიგნი გამოაქვეყნა, რომელმაც გენდერული კვლევის მიმართულებით მსოფლიოზე უდიდესი გავლენა იქონია. გოლდინმა და მისმა კოლეგებმა დაახლოებით 200-წლიანი ისტორიული მონაცემები დაამუშავეს და დეტალური ანგარიში მოამზადეს იმის შესახებ, თუ როგორც იცვლებოდა ქალების შრომითი ანაზღაურება წლების განმავლობაში; რამდენად დიდი იყო სხვაობა ქალებისა და კაცების შემოსავლებს შორის; რა ფაქტორები განაპირობებდა ამ სხვაობას; როგორ ირჩევდნენ ქალები პროფესიებს და როგორ ტენდენციები შეინიშნებოდა ათწლეულების მიხედვით.

ნობელის პრემიის კომისიის შეფასებით, კლაუდია გოლდინს უდიდესი წვლილი მიუძღვის თანამედროვე გენდერული სწავლების ჩამოყალიბებაში და მის კვლევას დღემდე აქტიურად იყენებენ როგორც აკადემიურ წრეებში, ასევე პოლიტიკაში - გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჰარვარდის უნივერსიტეტში პროფესორობის გარდა, კლაუდია გოლდინი ამერიკული ეკონომიკური ასოციაციის და ეკონომიკური ისტორიის ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობებს იკავებს. გარდა ამისა, ის მსოფლიო ბანკში კონსულტანტად მუშაობს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში მრჩევლის პოზიციაზეა.

გოლდინი ისტორიაში რიგით მესამე ქალია, რომელმაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა. შვედეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის დარგში ნობელს პრემია 1968 წლიდან გაიცემა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები