მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ლიფტების შემოწმებაზე პასუხისმგებელი?

63c9224e089ca
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.23 23:35
1870
თბილისის მერის განცხადებით, ლიფტის შემოწმებაზე პასუხისმგებელი კორპუსის ამხანაგობაა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

18 იანვარს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თქვა, რომ ლიფტის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეესტრში რეგისტრაცია. მისივე ინფორმაციით, მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებაში წლიურად დაახლოებით 40 მლნ ლარს ხარჯავს და გამგეობები ამხანაგობებს ლიფტების უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოფისთვის ეხმარება.

რამდენად სავალდებულოა ამხანაგობისთვის სამართლებრივად ლიფტების შემოწმება და ვინ არის პასუხისმგებელი ლიფტების გამართულობის მონიტორინგზე - ამ საკითხზე გადაცემა „საქმიან დილაში“ საია-ს იურისტმა ტატა ჭანკვეტაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ლიფტების შემოწმება, ამხანაგობას კანონით არ ევალება, თუმცა როდესაც ამხანაგობა იქმნება, გაერთიანება საერთო სარგებლობის ობიექტების გამართულობის პასუხისმგებლობას იღებს. ამასთან, ლიფტების შემოწმების ვალდებულება ეკონომიკის სამინისტროს ქვეუწყებას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს.

„არსებობს დადგენილება, რომლის მიხედვით ამხანაგობას შეუძლია შესაბამისი უბნის გამგეობას მიმართოს და საერთო სარგებლობაში არსებული ქონების ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსება, მათ შორის ლიფტი შესაკეთებელი სამუშაოების დაფინანსება ითხოვოს და შემდეგ მიმართონ საქართველოში აკრედიტირებულ ინსპექტირების განმახორციელებელ კომპანიას.

მეორე - ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომლის დებულებითაც განსაზღვრულია, რომ სააგენტო პერიოდულად ახორციელებს შესაბამისი ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას და ლიფტი ამ სააგენტოს ერთ-ერთ საზედამხედველო ობიექტს წარმოადგენს, რომლის ტექინსპექტირებას სააგენტო უნდა ახორციელებდეს. სააგენტოს თავისი ტექნიკური რეგლამენტი აქვს რომლითაც ობიექტების ინსპექტირების პერიოდულობაა განსაზღვრული, ლიფტის შემთხვევაში ეს პერიოდი 3 წელია.

შესაბამისად ამხანაგობას ორი საშუალება აქვს, შეუძლიათ მათ მიმართონ თუ სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო მონიტორინგს დადგენილი პერიოდულობით არ ასრულებს. ასევე ამხანაგობას შეუძლია მიმართოს გამგეობას მოითხოვოს დაფინანსება და ამის შემდეგ კერძო აკრედიტირებულ ინსპექტირების კომპანიას მიმართოს, რომელიც მათ ინსპექტირებასა და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრაში დაეხმარება“, - აცხადებს ტატა ჭანკვეტაძემ.

საია-ს იურისტმა დეტალურად განმარტა რა ვალდებულებები აქვს ამხანაგობას კანონით გაწერილი.

„ბინათმესაკუთრეთა და ამხანაგობის შესახებ კანონით განსაზღვრულია ვისგან და რისგან შედგება ამხანაგობა და ძირითადი ამოცანები. ამავე კანონით განისაზღვრება ის ობიექტები, რომლებიც წარმოადგენს თითოეული მაცხოვრებლის ინდივიდუალურ საკუთრებას და ასევე ამხანაგობის საერთო საკუთრებას წარმოადგენს. ლიფტი საერთო სარგებლობის ქონებაა, შესაბამისად ამხანაგობის ძირითად ამოცანას ამ ქონების მოვლა-პატრონობა წარმოადგენს. როდესაც ლიფტი ავარიულ მდგომარეობაშია. მათ შორის ამხანაგობის ამოცანას წარმოადგენს და არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომელთა გამოყენება ამხანაგობას შეუძლია და ამ მექანიზმებით გამოყენების შედეგად რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის არიდებაა შესაძლებელი.

ბინათმესაკუთრეთა შესახებ საქართველოს კანონით ვალდებულების სახით ჩანაწერი არ არის, რომ ამხანაგობა ვალდებულია საერთო სარგებლობაში არსებული ლიფტი შეამოწმოს. მაგრამ ამხანაგობა თავის მხრივ პირების ნებაყოფლობით გაერთიანებას წარმოადგენს, შესაბამისად როდესაც ასეთი პასუხისმგებლობის აღება ხდება, მაცხოვრებლებს გარკვეული ტიპის ვალდებულებას აკისრებს, მიუხედავად იმის რომ კანონში იმპერატიული ჩანაწერი მაგალითად ამხანაგობის მხრიდან ლიფტის შემოწმებასთან დაკავშირებით განსაზღვრული არ არის“, - აღნიშნა ჭანკვეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები