აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შიდა უსაფრთხოების მდივნად სენატორ მარკვეინ მალინის დანიშვნა სურს. მალინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლება ახლა სენატზეა დამოკიდებული, რადგან ის სწორედ სენატმა უნდა დაამტკიცოს. ოკლაჰომელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ამ პოსტზე სკანდალებში გახვეულ კრისტი ნოემი უნდა ჩაანაცვლოს.
მალინი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან ის სენატში "მეგობარი აქტს" (კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების სანქცირებას ითვალისწინებს) ბლოკავდა.
ვინ არის მარკვეინ მალინი და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?
ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორი გასულ წელს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა „მეგობარი აქტის" „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვას. ამ აქტში მოხვედრით კანონპროექტი უფრო მარტივი პროცედურით იქნებოდა მიღებული.
გასულ წელს, The Hill წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მალინმა მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ „მეგობარი აქტი“ NDAA-ს პაკეტიდან ამოეღოთ. თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით სენატორი პოზიციებს საკმაოდ ხშირად იცვლიდა, რადგან ჯერ კიდევ 2020 წელს, ის "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებდა და „ამერიკისადმი მტრულად განწყობილ მეტოქეებთან დაახლოებაში ადანაშაულებდა", რაც საფრთხეს უქმნიდა ამერიკულ ბიზნესს, მათ შორის ენერგეტიკულ კომპანიებს. თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და მმართველ პარტიასთან კარგი ურთიერთობა აქვს. „სანამ სანქციებს დავუწესებთ მინდა, რომ მათთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდეს. მსურს, ვითანამშრომლო მათთან, რათა დავინახოთ, როგორ შეძლებენ ნამდვილი სუვერენიტეტის მოპოვებას და რუსეთის მძიმე გავლენისგან თავის დაღწევას“, – ამბობდა სენატორი The Hill-თან საუბრისას.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი მალინის შეხვდა და საელჩოს მიერ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილა. "ელჩმა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით, სენატორი მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ მადლიერება გამოხატა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას", - ეწერა საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც BBC წერს, დამტკიცების შემთხვევაში, მალინი სათავეში ჩაუდგება უწყებას, რომელიც ბოლო თვეებში მზარდი კრიტიკის ობიექტი გახდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მინესოტაში ფედერალურმა საიმიგრაციო ოფიცრებმა აშშ-ის ორი მოქალაქე მოკლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტზე დამტკიცების შემდეგ მალინის სენატის დატოვება მოუწევს.




























