მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის მიხაილო დრაპატი? - უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი

მიხაილო დრაპატი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად 44 წლის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დანიშნა. მან ამ პოსტზე გენერალი ოლექსანდრ სირსკი შეცვალა.

კამიანეც-პოდოლსკში დაბადებული დრაპატი უკრაინულ არმიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. მან ხარკოვის ტანკმცოდნეობის ინსტიტუტი 2004 წელს დაამთავრა. მისი სამხედრო კარიერა 2014 წელს მკვეთრად შეიცვალა, როცა 72-ე მექანიზებული ბრიგადის ბატალიონის მეთაურობისას, მარიუპოლში ბარიკადების გაღვევის ცნობილი ოპერაცია განახორციელა.

მოგვიანებით, იზვარინესთან ალყაში მოქცეულმა ოფიცერმა 260-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი უსაფრთხოდ გამოიყვანა. 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, იგი კრივოი-როგის დაცვასა და ხერსონის გათავისუფლების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. ამასთან, გენერალმა ხარკოვის ოლქში რუსული ჯარების წინსვლის შეჩერება წარმატებით შეძლო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სახმელეთო ჯარების სარდლობისას დრაპატი ბიუროკრატიისა და მეთაურთა მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების კულტურის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა. იგი ქვემდგომი ოფიცრების ინიციატივებს ყოველთვის უჭერდა მხარს და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას ითხოვდა.

2025 წელს, რუსეთის მიერ უკრაინულ სამხედრო სასწავლო ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, მან განაცხადა, რომ რაც მოხდა, ეს მისი მმართველობის პერიოდის სისტემური ხარვეზების ბრალიც იყო და ამიტომ თანამდებობიდან გადადგა.

საყურადღებოა, რომ ახალი მთავარსარდალი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მსგავსად, სამხედრო სისტემის სიღრმისეულ გარდაქმნას უჭერს მხარს. SOCIS-ის კვლევის თანახმად, გენერალს უკრაინის მოსახლეობის 38.5% ენდობა.

ცნობისთვის, ოლექსანდრ სირსკის გადაყენება ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან დათხოვნასა და შეიარაღებულ ძალებში არსებულ შიდა აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა. ყოფილი მთავარსარდალი მართვის სტილისა და მაღალი ადამიანური დანაკარგების გამო კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები