შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა. ნინო წერეთელი სოფო გორგოძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ გასული წლის ბოლოს განაცხადა. გორგოძე შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად 2018 წელს დაინიშნა.
აღსანიშნია, რომ ნინო წერეთელი 2019 წლიდან დღემდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე - 2010-2019 წლებში მუშაობდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში რეესტრის სამმართველოს უფროსის, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის უფროსის და დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა.
რაც შეეხება განათლებას, ნინო წერეთელს 1977-1982 წლებში მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინჟინერ–ეკონომისტის კვალიფიკაცია, მაგისტრთან გათანაბრებული. ასევე, ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ნინო წერეთლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2022 წელს მან უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ხელფასის სახით 56 720 ლარი მიიღო. მისი შემოსავლები მოიცავს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიღებულ ხელფასს 6 240 ლარის ოდენობით და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიღებულ 4078,72 ლარს, სადაც ის მოწვეული ლექტორი იყო.