გასულ კვირას ნიდერლანდების საყოველთაო არჩევნები ცენტრისტულმა პარტია D66-მა მოიგო, რითაც პარტიის 38 წლის ლიდერი, რობერტ იეტენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი გახდება. იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ღიად ჰომოსექსუალი მმართველიც იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც იეტენის, ასევე მემარჯვენე პოლიტიკოს ხეერტ ვილდერის პარტიამ, პარლამენტში 26-26 მანდატი მოიპოვეს, D66-ს მთავრობის ახალი შემადგენლობით ფორმირების პირველი შესაძლებლობა ექნება, ხმებში მცირე უპირატესობის გამო. ლიბერალური იდეოლოგიის პარტიას დასჭირდება, კოალიცია სულ მცირე სამ პარტიასთან შეკრას, რათა 150 მანდატიან პარლამენტში მარტივი უმრავლესობა მოიპოვოს.
რობ იეტენმა თავის პარტიას 60-წლიანი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გამარჯვება მოუტანა.
1987 წელს დაბადებულმა პოლიტიკოსმა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები საჯარო მართვის განხრით დაიცვა. ამავე პერიოდში იგი რკინიგზის კომპანია ProRail-ში სტაჟიორად მუშაობდა.
2017 წელს იეტენი დეპუტატი და პარტია D66-ის პრესსპიკერი გახდა კლიმატის, ენერგეტიკისა და გაზის, რკინიგზის, დემოკრატიული წინსვლისა და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში. 2022 წელს კი, როდესაც D66-მა მმართველ "თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიასთან" კოალიცია შეკრა, იეტენი კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა.
2023 წელს იგი პარტიის ლიდერად აირჩიეს და უმაღლეს თანამდებობაზე დაინიშნა. თუმცა ამ პოსტზე მისი კარიერის დასაწყისი D66-სთვის რთულ პერიოდს დაემთხვა: 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მხოლოდ 9 მანდატი მოიპოვა. კრიტიკის საკითხი გახდა რობერტ იეტენის იმიჯი, რომლითაც ის კამერების წინ პოზიციონირებდა. მეტსახელად "რობოტი იეტენიც" კი შეერქვა.
მალევე, 2024 წელს ნიდერლანდების მთავრობის კოლაფსის შემდეგ, იეტენმა მიდგომა შეიცვალა და ვადამდელი არჩევნებისთვის ამერიკის ექსპრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ შთაგონებული კამპანია მართა სლოგანით: "გამოვა" (It's possible).
2025 წლის არჩევნებამდე იეტენი ადგილობრივ მედიაში ცნობილ სახედ იქცა. ექსპერტების განმარტებით, მან ამომრჩევლის ნდობა პოზიტიური გზავნილებით მოიპოვა. Euronews-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ: "ძლიერ კამპანიას აწარმოებდა "პროგრესულ" პოლიტიკაში დაბრუნებისთვის, კონცენტრირებული იყო მწვანე ენერგიაზე ხარჯების შესამცირებლად, საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ქალაქების მშენებლობაზე და ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის შემცირებაზე, დაავადებათა პრევენციისთვის პრიორიტეტის მინიჭების გზით. საბინაო საკითხთან დაკავშირებით, ცენტრისტმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ სურს 10 ახალი ქალაქის აშენება და რომ ბიუროკრატიის შემცირება წელიწადში 100 000 ახალი სახლის აშენების საშუალებას გააჩენს".
ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თუ როგორ შეძლებს იეტენი კოალიციის ფორმირებასა და მთავრობის შემადგენლობის ჩამოყალიბებას.




























