საფრანგეთის პრეზიდენტმა ბოლო 2 წელიწადში მე-5 პრემიერ-მინისტრი დანიშნა. ამჯერად, მაკრონმა ფსონი მთავრობის მოქმედ წევრზე, თავდაცვის მინისტრ სებასტიენ ლეკორნუზე დადო. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ კრიზისების გადაჭრით ცნობილი პოლიტიკოსი პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს და 2026 წლის ბიუჯეტს წარმატებით გაიტანს. მაკრონის თქმით, ლეკორნუს უფრო კრეატიული და ტექნიკური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.
რაც შეეხება თავად ახალ პრემიერ-მინისტრს, ის მაკრონის ახლო გარემოცვის წევრია. პოლიტიკური კარიერის პირველ ეტაპზე ის კონსერვატიული პარტიის წევრი იყო, 2017 წლიდან კი მაკრონის ცენტრისტებს შეუერთდა და მას შემდეგ პრეზიდენტის ერთგულად რჩება. ბოლო წლებში მან მთავრობაში არაერთი სამინისტროც ჩაიბარა. ყველაზე დიდი პოპულარობა ლეკორნუს თავდაცვის მინისტრობამ მოუტანა. ომის დაწყების დღიდან დღემდე ის უკრაინას მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს. პარალელურად კი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს.
ლეკორნუ იდეოლოგიურად მემარჯვენე ცენტრისტია. ის კონსერვატიულ გარემოში გაიზარდა და აქტიურად უჭერს მხარს დეგოლისეულ მართვის მოდელს. მეტიც, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუებში არაერთხელ განაცხადა, რომ ის “გოლისტია”. მეტი სიცხადისთვის, დე გოლის მმართველობა აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერი ჩართულობით, სოციალური კონსერვატიზმითა და ეკონომიკური პრაგმატიზმით ხასიათდება. თუმცა რამდენად გამოუვა ლეკორნუს ამ პოლიტიკის გატარება, ეს ცალკე საკითხია. ოპოზიცია პარლამენტის დაშლას, მთავრობის დათხოვნასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამ ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, ლეკორნუმ 2026 წლის ისეთი ბიუჯეტი წარადგინოს, რომელიც მემარჯვენე ან მემარცხენე პარტიებს დააკმაყოფილებს და ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.




























