მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის სენატორი სტივ დეინსი, რომელიც საქართველოში იმყოფება?

დეინსი

სენატორი სტივ დეინსი საქართველოშია. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ის შეხვდება მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. სენატორი ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ.

რესპუბლიკელი სტივ დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, რომელიც სენატში, 2015 წლიდან მოყოლებული, მონტანას შტატს წარმოადგენს. მას კერძო სექტორში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს. 2013 წლიდან 2015 წლამდე კი მონტანას ოლქს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში წარმოადგენდა.

დეინსი პირველი ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც ტრამპის თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში, ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ჩინეთის პრემიერს შეხვდა. სენატორმა დეინსმა, რომელიც ტრამპის ძლიერი მხარდამჭერია, მისი პირველი ვადის დროს, ორი ქვეყნის სავაჭრო მოლაპარაკებებში აქტიური როლი ითამაშა.

ის ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ოფიციალური პირი იყო, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ადგილზე ჩავიდა. კერძოდ, დეინსი 2022 წლის აპრილში, წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენ ვიქტორია სპარცთან ერთად უკრაინას ეწვია. ის ამის შემდეგაც ღიად აფიქსირებდა უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას და მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდამჭერი საკანონმდებლო ინიციატივებიც წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ სენატორი დეინსია ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტზე კითხვის ავტორი. მან, 2025 წლის 21 მაისს, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მარკო რუბიოს თურქმენეთში ახალი გაზსადენის პროექტზე ჰკითხა, რომელიც მშენებლობის შემთხვევაში საქართველოზეც გაივლის.

"მინდა შევეხო მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელიც დიდი ყურადღების ქვეშ არ არის, თუმცა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ცენტრალური აზია, რაც მოიცავს ხუთ ქვეყანას: ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთსა და ტაჯიკეთს. როცა დილით იღვიძებენ ჩრდილოეთით ხედავენ რუსეთს, აღმოსავლეთიდან ჩინეთს, სამხრეთიდან ავღანეთს, ხოლო დასავლეთით ირანს. აქ დიდი პოტენციალია და არ მგონია, ეს პოტენციალი გამოყენებული იყოს. ამის მაგალითია ტრანსკასპიური მილსადენის არარსებობა. მსოფლიოში გაზის რეზერვებით თურქმენეთი მეხუთე ადგილზეა, უდიდესი პოტენციალია. ნათელია, მეზობლების ჩინეთის, რუსეთისა და ირანის პირობებში იქიდან გაზის გამოტანა გამოწვევა იქნება, თუმცა კასპიის ზღვის მეშვეობით არსებობს გზა", - განაცხადა სენატორმა სტივ დეინსმა და სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, არის თუ არა ამ პროექტის დასრულება აშშ-სა და მისი მოკავშირეების საუკეთესო ინტერესებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები