მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის Twitter-ის ახალი დირექტორი?

646336e2ba5c5
გიორგი არონია
16.05.23 12:00
2672

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალური ქსელს, ამერიკულ Twitter-ს ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჰყავს. ილონ მასკმა ამ თანამდებობაზე 60 წლის ლინდა იაკარინო დაინიშნა, რომელიც გასული 12 წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია NBCUniversal-ის გლობალურ სარეკლამო ბიზნესს ხელმძღვანელობდა. იაკარინო მუშაობას დაახლოებით ექვს კვირაში შეუდგება, რა დროსაც Twitter-ის მფლობელი, ილონ მასკი, რომელიც დღეს დირექტორის თანამდებობას თავად იკავებს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და ტექნოლოგიურ დირექტორად დაინიშნება და პროდუქტის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სისტემური ოპერაციების მიმართულებებს ჩაიბარებს.

გამომდინარე იქიდან, რომ Twitter-ის დირექტორობისთვის შესაფერისი კადრის პოვნაზე საუბარი იმ დღესვე დაიწყო, როცა ილონ მასკმა კომპანია ოფიციალურად შეისყიდა, გადავწყვიტეთ, დეტალურად აგვეხსნა, თუ ვინ არის ლინდა იაკარინო და რატომ შეარჩია ის ილონ მასკმა კომპანიის მმართველად. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც თუ ისე რთულია, რადგან ლინდა იაკარინო სწორედ იმ სფეროს ექსპერტია, რომელშიც ილონ მასკი ყველაზე მეტად მოიკოჭლებს. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ი შეისყიდა და ცვლილებები დაიწყო, ბევრმა კომპანიამ, რომელიც სოციალურ ქსელში რეკლამებს ათავსებდა, Twitter-თან თანამშრომლობაზე უბრალოდ უარი თქვა. 2021 წელს, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდებოდა, კომპანიის შემოსავლის 90%-ს სწორედ რეკლამები შეადგენდა, მაგრამ მოგვიანებით, სარეკლამო შემოსავალი 40%-ით შემცირდა. ანალიტიკოსების შეფასებით, შემოსავლებთან ერთად, საგრძნობლად შემცირდა Twitter-ის პარტნიორი კომპანიების რაოდენობაც.

ამგვარად, Twitter-ის ახალი დირექტორის მთავარი მოვალეობა სწორედ გაქცეული პარტნიორების დაბრუნება და კომპანიის ოპერირების ახალი მოდელის სისწორეში მათი დარწმუნება იქნება. გამოუვა თუ არა ამ დავალების შესრულება იაკარინოს, მხოლოდ დრო გვიჩვენებს, მაგრამ პროგნოზების გაკეთების საშუალებას მისი პროფესიული კარიერა და ბექგრაუნდი ნამდვილად გვაძლევს. 60 წლის ლინდა იაკარინო რეკლამის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ამერიკელი აღმასრულებელია, რომელიც მარკეტერებთან და სარეკლამო სააგენტოებთან მისი მჭიდრო ურთიერთობითაა ცნობილი. ლინდა იაკარინოს მასშტაბებზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან NBCUniversal-ს 100 მილიარდი დოლარის სარეკლამო შემოსავალი მოუტანა. ამასთან, ის მოლაპარაკებებში მკაცრი სტილით გამოირჩევა, რის გამოც, ინდუსტრიაში მას “ხავერდის ჩაქუჩის” სახელით იცნობენ.

შესაძლოა, Twitter-მდე გზა ლინდა იაკარინოს სწორედ ამ ზედმეტსახელმა გაუკვალა. საქმე ისაა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, რეკლამისა და მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთ მასშტაბურ ღონისძიებაზე ლინდა იაკარინომ სცენაზე სწორედ ილონ მასკს უმასპინძლა და მასთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა. თუმცა, იაკარინო ატარებდა ინტერვიუს ამ დროს თუ მასკი, საკამათოა. თუმცა, ერთი რამ, რაც საკამათო ნამდვილად არ არის, ლინდა იაკარინოს მიდგომაა, რომლითაც მან დაამტკიცა, რომ ინდუსტრიაში “ხავერდის ჩაქუჩის” სახელად ტყუილად არ იცნობენ.

ინტერვიუს დროს, ლინდა იაკარინომ ილონ მასკს ჰკითხა, ვრცელდება თუ არა Twitter-ის ახალი პოლიტიკა, რომლის თანახმად თუ რაღაც ცუდია, არ ნიშნავს, რომ ის აკრძალული უნდა იყოს, თავად ილონ მასკზე და მის ტვიტებზე. ილონ მასკის თქმით, ეს წესი ვრცელდება ყველაზე: “ჩემს ტვიტებზე საზოგადოებრივი წესებიც ვრცელდება, იმ შემთხვევაში თუ არასწორი რამ ვთქვი. ეს წესები კომპანიებზეც ვრცელდება და იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა რეკლამა რეალობას არასწორად წარმოაჩენდა, რაც გამოსწორდა. იყო შემთხვევა, როცა რაღაც მე შემისწორეს, იყო შემთხვევები, როცა შეცდომები სახელმწიფოების მმართველებმა დაუშვეს. საერთო ჯამში, ეს კარგი მიდგომაა”, - განაცხადა ილონ მასკმა.

Twitter-ის ყოველდღიური ოპერაციების მართვა არ და ვერ იქნება ის ერთადერთი მიმართულება, რომლისთვისაც ილონ მასკმა კომპანიაში ლინდა იაკარინო მოიყვანა. პირიქით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლინდა იაკარინო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს Twitter-ის ე.წ. “ყველაფრის აპლიკაციად” გადაქცევის პროცესში, რაც ილონ მასკს რახანია, რაც დაანონსებული აქვს. ინტერვიუში, სხვათა შორის, მასკმა და იაკარინომ Twitter-ის ხედვაზეც ისაუბრეს და როგორც ჩანს, იაკარინოს ამ ხედვის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

თუმცა, ინტერვიუს და საერთოდ, ილონ მასკისა და ლინდა იაკარინოს სამომავლო ურთიერთობის მთავარი წყალგამყოფი ხაზი, როგორც ჩანს, მაინც კონტენტის მოდერაცია იქნება. ამ მხრივ, ინტერვიუს დროს საინტერესო გაცვლა დაფიქსირდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

იაკარინო: “რეკლამის ექსპერტებისგან გვესმის, რომ მათ გადაწყვეტილებაზე ყველაზე დიდ გავლენას Twitter-ის ისეთ პლატფორმად გადაქცევა წარმოადგენს, რომელშიც ისინი ფულს სიამოვნებით დააბანდებენ, ამას კი რეკლამის უსაფრთხოება და კონტენტის მოდერაცია წარმოშობს. ეს არის ის, რის მიხედვითაც ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ”.

მასკი: “სრულად მისაღებია გინდოდეთ, რომ თქვენი რეკლამა Twitter-ზე კონკრეტულ ადგილას გამოჩნდეს და არა სხვაგან, მაგრამ იმის თქმა, თუ რა უნდა გააკეთოს Twitter-მა - მიუღებელია. თუ ამით სარეკლამო შემოსავალს დავკარგავთ, დაე იყოს ასე. სიტყვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია”.


ილონ მასკის განცხადებით, Twitter-ის დირექტორად მუშაობას ლინდა იაკარინო დაახლოებით ექვს კვირაში შეუდგება. მოევლინება თუ არა მისი ცოდნა და კავშირები რთულ მდგომარეობაში მყოფ კომპანიას - დრო გვიჩვენებს. თუმცა, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელმძღვანელები ილონ მასკის მართვის უჩვეულო სტილს საკმაოდ რთულად ეგუებიან და ხშირად, კომპანიას დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც ტოვებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები