მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის World Bank Group-ის ახალი პრეზიდენტი, აჯაი ბანგა?

649c193b8b754
გიორგი არონია
28.06.23 17:24
521

2023 წლის ივნისიდან, “მსოფლიო ბანკის ჯგუფის” პრეზიდენტად აჯაი ბანგა დაინიშნა, რომელიც ამ თანამდებობას, პირველი ვადით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს. მსოფლიო ბანკის რიგით მე-14 პრეზიდენტს ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და საბოლოო ჯამში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვაკანტურ პოზიციაზე სწორედ ინდოელი მენეჯერი წარადგინა, რომელსაც, მისი თქმით, ძალუძს გლობალურ ინსტიტუტს “ამ ისტორიულად კრიტიკულ მომენტში” გაუძღვეს. ამ თანამდებობაზე, აჯაი ბანგამ დევიდ მალპასი ჩაანაცვლა, რომელიც “მსოფლიო ბანკს” 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.

“მსოფლიო ბანკში” გადმობარგებამდე, აჯაი ბანგა გლობალური საინვესტიციო კომპანიის, General Atlantic-ის ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ საზოგადოება მას Mastercard-დან იცნობს, რომელსაც ინდოელი მენეჯერი ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აჯაი ბანგას მმართველობის პირობებში, ანუ 2010-დან 2020 წლის ჩათვლით, Mastercard-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 900%-ით გაიზარდა, ანუ გაათმაგდა. დღეს, Mastercard-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $361 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში რიგით 21-ე ყველაზე დიდი კომპანიაა. 

სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციით, აჯაი ბანგას პირადი ქონების შეფასება $200 მილიონის ფარგლებში მერყეობს, რომლის უდიდესი ნაწილი, სწორედ Mastercard-ის აქციებზე მოდის.

თუმცა, Mastercard-ის გარდა, აჯაი ბანგა “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” (ICC) თავმჯდომარის, “ცენტრალური ამერიკის პარტნიორობის” თანათავმჯდომარის და American Red Cross-ის, Kraft Foods-ისა და Dow Inc-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში “მსოფლიო ბანკის” ახალი რეგიონული დირექტორი როლანდე პრაისი იქნება, რომელიც უფლება-მოვალეობების შესრულებას 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება. პრაისი ამ თანამდებობაზე სებასტიან მოლინეუსს შეცვლის, რომელიც მსოფლიო ბანკის ოფისს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. საქართველოში “მსოფლიო ბანკის” არსებული პორტფელი 15 აქტიური პროექტისგან შედგება, რომელთა ჯამური ღირებულება 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები