საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ყოფილი სანატორიუმი წყალტუბო 2.6 მლნ ლარად გაიყიდა. ქონების ახალი მფლობელი კი კომპანია „გოლდენ თაუერსი“ გახდა.
ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე მინიმუმ 100-ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ინვესტიციას უნდა განახორციელოს.
საჯარო ამონაწერის მიხედვით, კომპანია „გოლდენ თაუერი“ 2021 წლის 5 ივლისსაა რეგისტრირებული. პარტნიორები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან - 49%-იანი წილის მმართველი ეგვიპტის მოქალაქე საიდ მოჰამედ სალაჰ აბდელრაჰმან აჰმადი, 51%-იანი წილის მმართველი კი კატარის მოქალაქე ნაიეფ ეიდ მ.ტ. ალ-ტანი არიან. ამონაწერის მიხედვით დირექტორის პოზიციას მოჰამედ იბრაჰიმ ბადიე მაჰმუდი იკავებს.
შეგახსენებთ, რომ "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა 14 ობიექტი ჯერ კიდევ 2022 წლის 5 ივლისს გამოიტანა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.
დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“ და „წყალტუბო“, რომელთა რეალიზებით სახელმწიფომ ჯამურად 11,582,300 ლარი მიიღო.