Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსა და ინდონეზიის პორტების სანქცირებას ეწინააღმდეგება. არადა სანქციების მე-20 პაკეტის მისაღებად ევროკავშირს 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ყულევის პორტის სანქცირებაზე უნგრეთმა და იტალიამ გამოთქვეს შეშფოთება, საბერძნეთი და მალტა კი ინდონეზიის პორტის სანქცირების მხარდაჭერისგან იკავებენ თავს. სააგენტოს წყაროებმა უთხრეს, რომ იტალიის წინააღმდეგობა ყულევის პორტის სანქცირებაზე აზერბაიჯანს უკავშირდება, რადგან იტალია აზერბაიჯანულ გაზსაც იღებს.
ევროკომისიამ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტი თებერვლის დასაწყისში წარადგინა და მისი მიზანია რუსეთს ნავთობიდან შემოსავლები კიდევ უფრო შეუმცირდეს. ამით ევროკავშირი ცდილობს რუსეთი უკრაინაში ომის დასრულება აიძულოს, რადგან ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლებით კრემლი უკრაინაში ომს აფინანსებს. მე-20 პაკეტს ევროკავშირში 23 თებერვალს განიხილავენ და შეეცდებიან 2026 წლის თებერვალშივე დაამტკიცონ.
რადიო თავისუფლება ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს პორტის სანქცირების საჭიროება დოკუმენტში ასეა დასაბუთებული: „ყულევის პორტი გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს იმპორტის აკრძალვას ისეთ ლითონებზე, როგორიცაა ნიკელი, რკინის მადანი და კონცენტრატები, დაუმუშავებელი და დამუშავებული სპილენძი და სხვა მეტალები.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) ასევე წარადგინა წინადადება სანქციების სიაში 30 ფიზიკური პირისა და 64 კომპანიის დამატების შესახებ.




























