საქართველო გლობალურ ვაჭრობაში ქვეყანაში მდებარე ორი პორტით - ბათუმის და ფოთის პორტებით, ასევე ორი ნავთობტერმინალით - ყულევის და სუფსის ტერმინალებით არის ჩართული. ამ პორტებში ოპერირებენ გლობალური და ქართული ლოგისტიკური კომპანიები და ისინი ძირითადად ემსახურებიან რეგიონის ქვეყნების და ცენტრალური აზიის ექსპორტის და იმპორტის ოპერაციებს.
2025 წელს ქართული პორტების და ნავმისადგომების ჯამურმა ტვირთბურნვამ 16.6 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 6.8%-იან მატებას წარმოადგენდა.
რაც შეეხება მფლობელობის სტრუქტურას - ფოთის პორტის 100%-იანი წილის მფლობელია უმსხვილესი საკონტეინერო ჯგუფის Maersk-ის შვილობილი კომპანია APM Terminals-ი; ბათუმის პორტის მფლობელია საქართველოს სახელმწიფო, ხოლო გრძელვადიანი იჯარის (49 წლიანი) ხელშეკრულებით, 2006 წლიდან მოყოლებული მისი ოპერატორია KazTransOil-ი, რომელსაც თავის მხრივ ყაზახეთის სუვერენული საინვესტიციო ფონდი „Samruk-Kazyna“ ფლობს. რაც შეეხება ყულევის ნავთობტერმინალს, მას ოფიციალურად "შავი ზღვის ტერმინალი" ჰქვია და მის 100%-იან წილს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარი" ფლობს. რაც შეეხება სუფსის ნავთობტერმინალს, ის ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების შეჩერების შემდეგ ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს. იურიდიულად ის საქართველოს სახელმწიფო კომპანიის - "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" საკუთრებაშია.
გარდა პორტის ძირითადი მფლობელებისა, როგორც ბათუმის, ასევე ფოთის პორტში საქმიანობენ ასევე სხვა კომპანიებიც, რომლებიც პორტებში გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე ოპერირებენ. ამ კომპანიების საქმიანობა მოიცავს ნავთობპროდუქტების ლოგისტიკას; მინერალური სასუქების ლოგისტიკას; მარცვლეულის ტერმინალებს; ნაყარი ტვირთების ტერმინალებს; საკონტეინერო ტერმინალებს და სხვა ობიექტებს, რომელთა საქმიანობაც პორტებთან ლოგისტიკასთან და ვაჭრობასთან არის დაკავშირებული. ამ კომპანიებს შორის ერთ-ერთი უმსხვილესია Pace ჯგუფი, რომელმაც აშშ-ის DFC-ის $25-მილიონიანი სესხით ფოთის პორტში მეორე ნავმისადგომის მშენებლობა დაიწყო. პროექტის შედეგად პორტის წლიური გამტარიანობა 1 მილიონი ტონით გაიზრდება.
ფოთის პორტი

ამ დროისთვის ფოთის პორტში და მის მიმდებარედ მოღვაწე ლოგისტიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო კომპანიების უმეტესობას 2024 წლის ფინანსური შედეგები აქვთ გამოქვეყნებული. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ამ კომპანიების ჯამური შემოსავალი 550 მილიონ ლარს აღწევს, მოგება კი 120 მილიონ ლარს აღემატება.
| კომპანია | შემოსავალი 2024 წელს | მოგება 2024 წელს ლარებში |
| APM TERMINALS | 224,006,000 ლარი; | 97,052,000 ლარი; |
| ფოთის მარცვლეულის ტერმინალი | 142,146,987 ლარი; | -2,426,282 ლარი; |
| პეის ჯგუფი | 131,898,000 ლარი; | 25,232,000 ლარი; |
| „სოფმარ“ | 19,031,653 ლარი; | 1,260,825 ლარი; |
| „ჩენელ ენერჯი ფოთი“ (ნავთობტერმინალი) | 18,926,000 ლარი; | 3,821,000 ლარი; |
| Caucasian Metals Terminal | 5,424,317 ლარი; | -3,582,521 ლარი; |
| ფოთის თიზ-ი | 4,632,000 ლარი. | -219,000 ლარი; |
| ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი | კომპანია 2025 წელს გაიხსნა და ანგარიშგება ამჟამად გამოქვეყნებული არ აქვს | |
| ჯამი | 546,064,957 ლარი. | 121,357,022 ლარი. |
ბათუმის პორტი

ამ დროისთვის ბათუმის პორტში და მის მიმდებარედ მოღვაწე ლოგისტიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო კომპანიების უმეტესობას 2024 წლის ფინანსური შედეგები აქვთ გამოქვეყნებული. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ამ კომპანიების ჯამური შემოსავალი 230 მილიონ ლარს აღწევს, მოგება კი 50 მილიონ ლარს აღემატება.
| ოპერატორი | შემოსავალი 2024 წელს | მოგება ლარებში |
| ბათუმის ნავთობტერმინალი | 66,399,000 ლარი; | 10,727,000 ლარი; |
| ვონდერნეტ ექსპრესი | 60,810,325 ლარი; | 7,892,359 ლარი; |
| ბათუმის საზღვაო ნავსადგური | 58,383,000 ლარი; | 8,818,000 ლარი; |
| ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი | 32,617,245 ლარი; | 10,763,757 ლარი; |
| ვიბროდიაგნოსტიკ (ნავთობტერმინალი) | 13,444,000 ლარი; | 14,977,000 ლარი; |
| ჯამი | 231,653,570 ლარი. | 53,178,116 ლარი. |
ყულევის ნავთობტერმინალი

ფინანსური ანგარიშის თანახმად, შპს "შავი ზღვის ტერმინალს", ანუ ყულევის ნავთობტერმინალს 2024 წელს 129,447,000 ლარის შემოსავალი და 82,769,000 ლარის მოგება ჰქონდა.
სუფსის ნავთობტერმინალი

სუფსის ნავთობტერმინალი უკვე რამდენიმე წელია თითქმის არ ფუნქციონირებს. მისი ფინანსური ანგარიშგება ასევე განცალკევებული სახით არაა წარმოდგენილი.




























