სულ მალე, გავლენიანი გამოცემა TIME წლის ადამიანს უკვე 99-ედ გამოავლენს - დაიბეჭდება ჟურნალის სპეციალური გამოშვება, რომლის მთავარი გმირიც იქნება "ადამიანი, ჯგუფი, იდეა ან საგანი, რომელმაც, ავად თუ კარგად, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მიმდინარე წლის მოვლენებზე".
"წლის ადამიანის" გამოვლენის ტრადიცია 1927 წელს დაიწყო. მაშინ TIME-ის რჩეული ჩარლზ ლინდბერგი გახდა - პილოტი, რომელმაც 1927 წლის მაისში პირველი სოლო ტრანსატლანტიკური ფრენა შეასრულა ნიუ-იორკიდან პარიზამდე, თავისივე მონოპლანით. ეს არჩევანი, გარკვეულწილად, TIME-ის მიერ დანაშაულის გამოსყიდვის ტოლფასი იყო, რადგან გამოცემამ ისტორიული რეკორდის შემდეგ პილოტს ჟურნალის ყდა არ დაუთმო.
მას შემდეგ ჟურნალმა წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები, ჯგუფები თუ უსულო საგნები 98-ჯერ გამოავლინა. ჟურნალის განსაკუთრებული გამოშვება კი მსოფლიო ლიდერებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, არტისტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს ან მეცნიერთა ჯგუფებს დაეთმოთ.
განსაკუთრებულ შემთხვევებში კი TIME-მა არა ადამიანები, არამედ აბსტრაქტული კონცეფციები და საგნები დაასახელა. მაგალითად, 1982 წელს "წლის ადამიანი" კომპიუტერი გახდა, 1988-ში - დედამიწა, რომელიც საფრთხის ქვეშაა, 2006-ში - შენ - 2022 წელს კი - უკრაინის სული.
ამჟამად წლის ადამიანის ტიტულს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ატარებს, რომელმაც 2024 წელს საარჩევნო კამპანია ჩაატარა და, კამპანიის ფარგლებში პენსილვანიის შტატში სიტყვით გამოსვლისას მკვლელობის მცდელობასაც გადაურჩა.
საინტერესოა, რომ 2025 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების კანდიდატებში ტრამპის სახელს კიდევ ერთხელ ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატთა სია ოფიციალურად არ ქვეყნდება, TIME-ის მკითხველი წლის გამარჯვებულზე ფსონების განთავსებას ადრეული შემოდგომიდან იწყებს.
ვინ შეიძლება გახდეს TIME-ის "2025 წლის ადამიანი"?
შანსების ცხრილში პირველ ადგილს, არც მეტი, არც ნაკლები, ხელოვნური ინტელექტი იკავებს.
კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული ფსონების პლატფორმა Polymarket-ის თანახმად, 20 ნოემბრის მონაცემებით, "წლის ადამიანად" ხელოვნური ინტელექტის არჩევის შანსი 39%-ია. მეორე ადგილს, 17%-იანი შანსით, NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი იკავებს, მესამეს კი, 14%-ით - რომის პაპი ლეო XVI.
კანდიდატთა ათეული, შანსებისა და განთავსებული ფსონების მოცულობით, ასე გამოიყურება:
- ხელოვნური ინტელექტი - 39% - $511 176
- ჯენსენ ჰუანგი - 17% - $64 357
- პაპი ლეო XVI - 14% -$1 131 178
- დონალდ ტრამპი - 9% - $948 423
- სემ ალტმანი - 7% - $20 857
- ზოჰრან მამდანი - 4% - $190 322
- ბენიამინ ნეთანიაჰუ - 3% - $394 359
- ჩარლი კირკი - 3% - $88 327
- ილონ მასკი - 2% - $380 019
- სი ძინპინი - 3% - 322 521
გასული ხუთი წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები კი, TIME-ის თანახმად, შემდეგია:
2024 - დონალდ ტრამპი
2023 - ტეილორ სვიფტი
2022 - ვოლოდიმირ ზელენსკი/უკრაინის სული
2021 - ილონ მასკი
2020 - კამალა ჰარისი




























