ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი იმდენად მნიშვნელოვანი ინსიტუტია, რომ ხშირად, მის ხელმძღვანელს პლანეტის ყველაზე გავლენიან ადამიანად მოიხსენიებენ.
FED-ის თავმჯდომარე პირადად არის პასუხისმგებელი აშშ-ის მონეტარულ პოლიტიკაზე, ანუ მსოფლიოს მთავარი ვალუტის - ამერიკული დოლარის ღირებულებაზე და ხელმისაწვდომობაზე. შედეგად, ფედერალური რეზერვის თითოეული გადაწყვეტილება მოქმედებს, როგორც საფონდო და სასაქონლო ბირჟებზე, ასევე ვალუტებზე და მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ფონზე.
დიდძალი ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი სრულად აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის მოქმედების თავისუფლება ქვეყნის კონსტიტუციითაა გარანტირებული. დამფუძნებელ მამებს მიაჩნდათ, რომ მონეტარული პოლიტიკა სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველია, რის გამოც FED-ის თავმჯდომარე სრულად დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და თან, ფინანსურ წრეებში უნაკლო რეპუტაციის მქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო. ეს წესი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ში მას დღემდე იცავენ.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე რომ პოლიტიკურად დამოუკიდებელი პერსონაა, სრული სიმართლეა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების გამო FED-ის თავმჯდომარეს მრავალმხრივი კრიტიკა არ ხვდება. ბოლოს, ასეთი შემთხვევა ახლახან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში მოხდა. მილიარდერი პრეზიდენტი ფედერალური რეზერვის მუშაობით იმდენად უკმაყოფილო აღმოჩნდა, რომ უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის გადადგომა მოითხოვა, თანაც არაერთხელ. ტრამპის თქმით, ცენტრალური ბანკი ნელა და დაგვიანებით მოქმედებს, რადგან რეფინანსირების განაკვეთს არ ამცირებს.
გასულ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ შეამცირა, მათ შორის სექტემბერში 50 საბაზისო პუნქტითაც, რაც საკმაოდ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯია. მიმდინარე წელს, ვითარება შეიცვალა, რაც, დიდწილად, თავად დონალდ ტრამპს და მის მიერ გლობალურ პოლიტიკაში შემოტანილ გაურკვევლობას და არაპროგნოზირებადობას უკავშირდება. ტარიფები, რომელთა ბედი ჯერაც გაურკვეველია, დიდ ინფლაციურ რისკს შეიცავს, რის გამოც FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით შერბილება, საკამათოა. შედეგად, განაკვეთი 4.25%-დან 4.50%-მდე შუალედში რჩება.
აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს ქვეყნის პრეზიდენტი წარადგენს და სენატი ამტკიცებს, მაგრამ კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს ერთ-ერთი FED-ის მმართველთა საბჭოს შვიდი წევრიდან, რომელთაც, თავის წილ, 14-წლიანი ვადით ამტკიცებენ. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში მას ამ თანამდებობის რამდენიმე ვადით დაკავება შეუძლია. ჯერომ პაუელს უფლებამოსილება 2026 წლის მაისში ეწურება, მაგრამ დონალდ ტრამპთან მისი უთანხმოების გამო სენატის წინაშე მის კანდიდატურას პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აღარ დააყენებს.
მაშ, ვინ განიხილება FED-ის მომავალ ხელმძღვანელად? აშშ-ის ცენტრალური ბანკის მომავალ ხელმძღვანელად რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის ყველაზე რეალურად ამ დროისთვის ქვეყნის ამჟამინდელი ხაზინადარი, სკოტ ბესენტი განიხილება, რომელიც, ამავდროულად, დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელიცაა. ამ დრომდე, FED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ქვეყნის ხაზინადარად ერთხელ უკვე დაამტკიცეს, როცა ეს როლი ჯანეტ იელენმა დაიკავა, მაგრამ საპირისპირო შემთხვევა, როცა ადამიანი აღმასრულებელი რგოლიდან მარეგულირებელში გადავიდა, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. დონალდ ტრამპის პირობებში კი, როგორც ცნობილია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
სკოტ ბესენტი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო ხაზინა ჩაიბარა, ამერიკული ჰეჯფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელია. ის საკმაოდ მდიდარი ადამიანია, მაგრამ მისი ქონების ზუსტი შეფასება არავინ იცის. ამასთან, ბესენტი მსოფლიოში აღიარებული ინვესტორი და გეოპოლიტიკის და ეკონომიკის მიმართულებით ავტორიტეტული და გავლენიანი სტრატეგია, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ითავა. ჩინეთთან მოლაპარეკებებში ჩართულ სამთავრობო დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობს.
ისე კი, სკოტ ბესენტი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც FED-ის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კანდიდატების სიაში სულ რამდენიმე ადამიანია და ბესენტთან ერთად ლიდერებს შორისაა მოხსენიებული ფედერალური რეზერვის ყოფილი მაღალჩინოსანი კევინ ვარში, რომლის კანდიდატურას დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის თანამდებობაზე განიხილავდა. კევინ ვარშის კანდიდატურა იმითაა მიმზიდველი, რომ 2006-2011 წლებში ის FED-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ანუ სისტემას და მასში ჩართულ ადამიანებს შესანიშნავად იცნობს.




























