ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური უწყებაა, რომელიც დოლარის მიწოდებას, მონეტარულ პოლიტიკას და საბანკო ინდუსტრიისთვის მოთხოვნებს განკარგავს.
ეკონომიკური ეფექტიდან და გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, FED-ის ხელმძღვანელობა ფინანსურ სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ და საპასუხისმგებლო საქმედ ითვლება, რადგან ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის არათუ გადაწყვეტილებას, არამედ ერთ განცხადებასაც კი მარტივად შეუძლია გლობალური კაპიტალის ბაზრის ჩამოშლა.
ასეთი ძალაუფლების გამო, FED-ის ხელმძღვანელი პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს, რომელიც არ უნდა დაემორჩილოს არც კონგრესის, არც პრეზიდენტის და არც სხვა ნებისმიერი უწყების, სახელმწიფოს თუ კერძო პირის სურვილებს. FED-ის დამოუკიდებლობა ამერიკის კონსტიტუციით არის გარანტირებული, რადგან ამ ადამიანმა უნდა იფიქროს არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ იმაზე, თუ სად იქნება მსოფლიო 5 ან 10 წელიწადში.
FED-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯერომ პაუელია, რომელსაც განსაკუთრებით რთულ დროს – პანდემიის, ინფლაციის, ომების და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში მოუწია მოვალეობის შესრულება, თუმცა დამოუკიდებელი ეკონომისტები მაინც ფიქრობენ, რომ მან ღირსეულად გაართვა თავი საქმეს. განსაკუთრებული სიმტკიცე პაუელმა პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით გამოავლინა, რომელიც მას საჯაროდ ლანძღავდა, ადანაშაულებდა და ემუქრებოდა. მიუხედავად პრეზიდენტის მტრული განწყობისა, ჯერომ პაუელს პოზიცია არ შეუცვლია და ის ისევ ჯიუტად მიჰყვება იმ სტრატეგიას, რომელიც მას ქვეყნის მომავლისთვის ოპტიმალურად მიაჩნია.
FED-ის ხელმძღვანელს სენატი 4-წლიანი პერიოდით ირჩევს, შესაბამისად, პაუელის უფლებამოსილება 2026 წლის 15 მაისს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაისიდან ფედერალურ რეზერვს ახალი კანდიდატი უხელმძღვანელებს. აი, ვინ იქნება ეს პიროვნება, ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს ადამიანი ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი, კევინ ჰასეთი იქნება.
კევინ ჰასეთი ცნობილი ეკონომისტია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს როგორც აკადემიურ, ისე სახელმწიფო სექტორში. იგი აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკური პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტზე. ჰასეთი ადრე ეკონომიკური მრჩევლების საბჭოს თავმჯდომარედ მსახურობდა და აქტიურად მონაწილეობდა ტრამპის ადმინისტრაციის საგადასახადო რეფორმის დაგეგმვის პროცესში. რესპუბლიკელებს თუ დავუჯერებთ, ჰასეთი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პოლიტიკის გავლენა, ამიტომ ის ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობისათვის ღირსეულ კანდიდატს წარმოადგენს.
როგორც ტრამპი აცხადებს, მომავალ კანდიდატთან დაკავშირებით მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და მის სახელს ოფიციალურ დონეზე სულ მალე გავიგებთ, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ კევინ ჰასეთი იქნება.




























