მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იყო ფრედ სმიტი – ადამიანი, რომელმაც FedEx-ი შექმნა?

ფრედ სმიტი

FedEx-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ფრედ სმიტი 80 წლისა გარდაიცვალა. დღეს, FedEx-ი გლობალური ლოგისტიკური გიგანტია, რომელიც სტანდარტულ სამუშაო დღეს მსოფლიოს გარშემო ჩვიდმეტ მილიონ ამანათს ემსახურება და ეს მასშტაბი, დიდწილად, სწორედ ფრედ სმიტის დამსახურებაა, რომელიც იყო არა ერთი კომპანიის შექმნით დაკმაყოფილებული ჩვეულებრივი მეწარმე, არამედ საუცხოო ხედვის მქონე ინდივიდი, რომელმაც მთელი ინდუსტრია შეცვალა და პროცესში საკუთარი კომპანია გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად აქცია.

FedEx-ის ისტორია ჯერ კიდევ 1973 წელს იწყება. იელის უნივერსიტეტში სწავლისას, ფრედ სმიტს მოაფიქრდა ბიზნესმოდელი, რომელიც ცენტრალურ ჰაბზე დაყრდნობით კოორდინირებულ საჰაერო გადაზიდვებს გულისხმობდა — თუ დღეს, ასეთი რამ არავის უკვირს, 1970-იანი წლების ამერიკაში ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობდა. თავდაპირველად, ტვირთის მომსახურება სმიტმა თოთხმეტი მცირე ზომის თვითმფრინავით დაიწყო, რომლებიც ოცდახუთ ამერიკულ ქალაქს ემსახურებოდა, მაგრამ იდეა და აღსრულება იმდენად გამართული აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წელიწადში, FedEx-ი ინდუსტრიის სტანდარტად იქცა.

თავად სმიტი კი მილიარდერად იქცა, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $5.3 მილიარდად აფასებს. საინტერესოა, რომ ოპერირების დაწყებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში, FedEx-მა $29-მილიონიანი წაგება დააფიქსირა, რაც იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო. თუმცა ფრედ სმიტს საკუთარი იდეის იმდენას სჯეროდა, რომ უკანასკნელი ფულით ლას-ვეგასში გაემგზავრა და ბლექჯექში $27,000 მოიგო, რაც იმ დროს ოპერაციების გასაგრძელებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ფრედ სმიტის ხედვის გენიალურობა მხოლოდ სწრაფი მიწოდებით როდი შემოიფარგლებოდა. ამერიკელმა ანტრეპრენიორმა შექმნა სისტემა, რომელმაც კომპანიები დიდი საწყობებისგან და გადაჭარბებული მარაგებისგან გაათავისუფლა, რამაც კომპანიებს თავის ტკივილი შეუმცირა და დამატებითი საბრუნავი კაპიტალი მისცა. ამ ყველაფერმა კი, ამერიკული კორპორაციული მენეჯმენტი ახალ დონეზე აიყვანა და ეფექტიანობა მთელ ინდუსტრიაში გაზარდა. როგორც სმიტი თავად ამბობს, ბიზნესის კეთება ისწავლა არა იელის უნივერსიტეტში, არამედ საზღვაო ძალებში, სადაც რამდენიმე წელი მსახურობდა.

თავდაპირველად, FedEx-ი ჩვეულებრივი სტარტაპი იყო, რომლის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი სრულად ფრედ სმიტის ხელში იყო. თუმცა ანტრეპრენიორს დიდი გეგმები ჰქონდა და ამბიციის კვალდაკვალ კომპანიისთვის მედიდური სახელწოდება — Federal Express-ი შეარჩია, რათა პოტენციური მომხმარებლები დაერწმუნებინა, რომ საქმე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტიტანთან აქვთ და არა გუშინ შექმნილ სტარტაპთან. ამ სახელწოდებით, სმიტი აშშ-ის ფედერალური რეზერვისგან კონტრაქტის მიღებას ცდილობდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, სახელი კი — შემორჩა.

FedEx-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, სადაც ინვესტორები ამერიკულ გიგანტს $54.3 მილიარდით აფასებენ. ამ მაჩვენებლით, შესადარის კომპანიების შორის FedEx-ი მეორე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ UPS-ი უსწრებს. ხუთწლიან პერიოდში FedEx-ის აქციები 74%-ითაა გაძვირებული, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიამ 18%-იანი კლება დააფიქსირა. გასულ წელს, FedEx-მა $87.8 მილიარდის შემოსავალი და $6.2 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, ხოლო კომპანია 405,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები