თურქეთში დაბადებული ესპანელი ბიზნესმენი, ისაკ ანდიკი, რომელმაც ტანსაცმლის ბრენდი Mango დააფუძნა და წლების განმავლობაში მოდის ჭეშმარიტ გიგანტად აქცია, გარდაიცვალა. 71 წლის ბიზნესმენი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა, რომელიც ბარსელონასთან ახლოს, კატალონიის მთებში მოხდა. ისაკ ანდიკი ლაშქრობაში იმყოფებოდა, როცა კლდიდან გადმოვარდა და უფსკრულში ჩავარდა. კომპანიის დამფუძნებლის სიკვდილი Mango-ში უკვე დაადასტურეს.
ისაკ ანდიკი, რომელიც ცხოვრების განმავლობაში ესპანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე გახდა, 1953 წელს, თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში, სეფარდების ოჯახში დაიბადა. სეფარდები რელიგიურად ებრაელები არიან, რომელთა წინაპრები ის ებრაელები არიან, რომლებიც ესპანეთის და პორტუგალიის ხელისუფლებებმა მე-15 საუკუნეში განდევნეს. სეფარდები ეთნიკურად ესპანელები არიან და დღემდე ლადინო ენაზე საუბრობენ, რომელიც ესპანურთან არის მიახლოებული. თავად ტერმინი სეფარდი სიტყვა სფარადიდან მომდინარეობს, რაც ივრითზე ესპანეთს ნიშნავს.
სტამბოლში ისაკ ანდიკმა ცხოვრების პირველი წლები გაატარა, ხოლო მოგვიანებით, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა. კატალონიის დედაქალაქში გადაცხოვრებულმა მომავალმა ანტრეპრენიორმა ესპანური მოდის ბაზარზე შესაძლებლობა დაინახა და 1980-იან წლებში თურქეთიდან მაისურების იმპორტი დაიწყო. ამ ბიზნესმა ისაკ ანდიკს დაანახვა, რომ სულ მალე, ესპანეთში და შემდეგ მთელ ევროპაში იაფიან, მაგრამ მოდურ ტანსაცმელზე მოთხოვნა გაიზრდებოდა. რამდენიმე წელიწადში, ძმებმა ისაკ და ნაჰმან ანდიკმა Mango დააფუძნეს.
ახლად შექმნილი ბრენდის პირველი მაღაზია ბარსელონაში გაიხსნა, მაგრამ Mango-ს ტანსაცმელი იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, ბრენდული მაღაზიები ესპანეთის სხვა ქალაქებსაც მოედო. Mango-ს წარმატებას, უმეტესწილად, ბრენდის მოდური და თანამედროვე ტანსაცმელი განაპირობებდა, რომელსაც კომპანია იაფად ყიდდა, რითაც ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდა ადამიანების დემოგრაფიაზე გავიდა.
ისაკ ანდიკმა კომპანიაში ვერტიკალურად ინტეგრირებული ბიზნესმოდელი დანერგა, რაც ნიშნავს, რომ Mango ბიზნესის ყველა რგოლს აკონტროლებდა, დიზაინით და წარმოებით დაწყებული, დისტრიბუციით და საცალო გაყიდვებით დამთავრებული. ამ ბიზნესმოდელმა Mango-ს მესვეურებს მოდის სამყაროში არსებული ცვალებადი ტენდენციების აყოლის საშუალება მისცა, რითაც ესპანური ბრენდი ტანსაცმლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მწარმოებლად იქცა მსოფლიოში.
დაფუძნებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, Mango წმინდა ესპანურ ბრენდად რჩებოდა, მაგრამ 1990-იან წლებში, ისაკ ანდიკმა კომპანიის ინტერნაციონალიზაცია გადაწყვიტა. მას შემდეგ, Mango რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში გაფართოვდა, რითაც სახელი გაითქვა და ახალი მომხმარებლები მოიზიდა. დღეს, Mango სწრაფი მოდის ჭეშმარიტი გიგანტია, რომლის მაღაზიებს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ვხედავთ. გასულ წელს, კერძო საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ €3.1 მილიარდის შემოსავალი და €172 მილიონის წმინდა მოგება მიიღო.
Mango-ს ფინანსური წარმატება დადებითად აისახება თავად ბიზნესმენის პირად სიმდიდრეზე, რომელსაც ამერიკული Forbes-ი $4 მილიარდად აფასებს. Mango-სთან ერთად, ისაკ ანდიკი ესპანეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, Banco Sabadell-ის აქციონერიც იყო.
აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ Mango-ს მთავარ კონკურენტებზე, რომელთა შორის უპირატესი ესპანურ INDITEX-ში შემავალი Zara და Massimo Dutti და შვედური H&M არიან. Mango-სგან განსხვავებით, კონკურენტები საჯარო კომპანიები არიან, რომელთა აქციები საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. INDITEX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $163 მილიარდია, როცა H&M-ის აქციონერები კომპანიას $23.4 მილიარდად აფასებენ. სამივე ზემოხსენებული კომპანიის ბრენდული ტანსაცმელი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში იყიდება.