რუსული ნავთობინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა, ანდრეი ბადალოვი დღეს, 4 ივლისს, მაღალსართულიანი შენობის ფანჯრიდან გადმოვარდნისას გარდაიცვალა.
62 წლის ბადალოვი მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობ-მილსადენის მფლობელი კომპანიის, Transneft-ის ვიცე პრეზიდენტი იყო. ის ციფრული ტრანსფორმაცია და ავტომატიზაციის პროცესს კურირებდა და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას ახლო კავშირი აქვს კრემლთან.
თავად ბადალოვს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა Transneft-ის ხელმძღვანელთან და კგბ-ს ყოფილ ოფიცერთან, ნიკოლაი ტაკარევთან, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ახლო გარემოცვის წევრია.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ბადალოვმა თავი მოიკლა. მათ ამ ვერსიის დასადასტურებლად გამოაქვეყნეს წერილი, რომელიც ტექნოკრატის გარდაცვალების ადგილთან აღმოაჩინეს. ოფიციალური ვერსიის ნაკლებად სჯერა ბადალოვის ახლო გარემოცვას, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მსგავს მისტიკურ გარემოებაში ენერგოინდუსტრიის არაერთი ხელმძღვანელი გარდაიცვალა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, რუსეთში სხვა არაერთი ტექნოკრატი და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის მაღალი თანამდებობის პირი დაიღუპა. ყველა მათგანი ფანჯრიდან გადავარდნით და გაურკვეველი მიზეზით.
ბუნებრივია, გამორიცხული არც ის არის, რომ ბადალოვმა თავი მოიკლა, რადგან სუიციდის სტატისტიკაში რუსეთი მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა პრობლემა მომხდარ ფაქტებს შორის არსებული ზედმეტად საეჭვო მსგავსებაა. ზოგიერთი შეფასებით, ბადალოვის სიკვდილი დაკავშირებული უნდა იყოს ან კომპანიაში არსებულ შიდა დაპირისპირებასთან, ან კრემლში დაწყებულ პოლიტიკურ წმენდასთან. რაც არ უნდა იყოს რეალური მიზეზი, ფაქტია, რომ პუტინის კარზე ვითარება არასტაბილურია და ტექნოკრატებისა და ენერგო-მაგნატების მოხშირებული თვითმკვლელობები რუსეთში არსებული კრიტიზისის სიმძიმეში კიდევ უფრო გვარწმუნებს.




























