მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვინ კომბუჩამ“ ყუთით შეძენის სერვისი დაამატა - კომპანია წარმადობის ზრდას გეგმავს

641977f65074d
სალომე ხიდურელი
20.03.23 20:00
1734
არაალკოჰოლური სასმელების „ვინ კომბუჩას“ მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია, რომელიც ბაზარზე 2022 წლის შემოდგომიდან გამოჩნდა, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმადობის გაზრდას აპირებს. „ორგანიკ კომბუჩა ჯორჯიას“ სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან მისი თანადამფუძნებელი ნინო გოგიაშვილი საუბრობს.

„ვქმნით ფერმენტირებულ, გამაჯანსაღებელ, ცოცხალ სასმელს - "ვინ კომბუჩას". უნიკალური შემადგენლობიდან და სარგებლიანობიდან გამომდინარე, სასმელი მსოფლიო ბაზარზე ძალიან ცნობილია, როგორც ფუნქციური. კომბუჩა შეიცავს ვიტამინებს, პრობიოტიკებსა და ამინომჟავებს, მდიდარია ანტიოქსიდანტებითაც.

ამჟამად, „ვინ კომბუჩას“ ლაბორატორიაში სამი სახეობის უნიკალური არომატი იქმნება: როზმარინი და გრეიფრუტი, სვია და ჯინჯერი, მოცვი და ჰიბისკუსი. წარმოებაში ვიყენებთ 100%-ით ბუნებრივ პროდუქტებს.“, - ამბობს ნინო გოგიაშვილი.

კითხვაზე, რამდენად მოთხოვნადია კომბუჩა ქართულ ბაზარზე, „ორგანიკ კომბუჩა ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ სასმელი, თავისი სასარგებლო თვისებების გამო, ბევრ ადამიანს მოსწონს.

„მაღალი მოთხოვნის გამო, მომხმარებლების თხოვნით, კომბუჩას ყუთით შეძენის სერვისი უკვე დავამატეთ. ახლა შესაძლებელია, პროდუქტი ონლაინ შეუკვეთონ და იმავე დღეს მიიღონ. ამჟამად კომპანიის თვიური წარმადობა 4000 ბოთლამდეა, თუმცა მისი მკვეთრი ზრდა იგეგმება“, - აღნიშნავს ნინო გოგიაშვილი.

მისი თქმით, გარდა წარმადობის ზრდისა, სამომავლო გეგმებში ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაც შედის.

„ვინ კომბუჩა“ წარმოდგენილია გუდვილის, ევროპროდუქტის, ორგანიკასა და გურმანიას ქსელებში, ასევე რესტორნებსა და ბარებში. მარკეტებში სასმლის საშუალო ფასი 7 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, პროდუქციის 100% ქართულ ბაზარზე რეალიზდება, თუმცა „ვინ კომბუჩას“ შექმნისას, თავიდანვე ძალიან მაღალი სტანდარტი დავუწესეთ საკუთარ თავებს და ვფიქრობ, ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბაზრის ათვისების შემდეგ ექსპორტზე გასვლაც იგეგმება“, - აცხადებს ნინო გოგოიაშვილი.

ცნობისთვის, „ვინ კომბუჩას“ საწყისი ინვესტიცია 120 000 ლარი იყო, რომელიც თანადამფუძნებლებმა, ნინო გოგიაშვილმა და ნინო ფიროსმანიშვილმა განახორციელეს. მათი განმარტებით, კომპანია სამომავლოდ წარმადობის გასაზრდელად საჭირო ფინანსების მოძიებას საგრანტო კონკურსებში მონაწილეობით გეგმავს.

შპს ორგანიკ კომბუჩა ჯორჯიას საწარმო ქალაქ რუსთავში მდებარეობს და 4 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები