მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ მიულოცა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის?

მოჯთაბა

ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის მთავრობაში ოფიციალური პოსტი არასდროს დაუკავებია, თუმცა ქვეყანაზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების ფონზე, მოკლული მამის მემკვიდრედ მისი დანიშვნა მოულოდნელი მაინც არ ყოფილა.

ირანის ექსპერტთა საბჭომ 56 წლის საშუალო რანგის სასულიერო პირი აღნიშნულ თანამდებობაზე კვირას დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად მამამისი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

მოჯთაბა ხამეინის დანიშვნა, რაც დარტყმების შედეგად მამისა და მეუღლის დაკარგვას მოჰყვა, შეფასდა, როგორც ურჩი და დაუმორჩილებელი გადაწყვეტილება, რომელიც ისლამური რესპუბლიკის 47-წლიან ისტორიაში უდიდესი კრიზისის დროს კურსის უცვლელობაზე მიანიშნებს.

ხამენეიმ მყისიერი მხარდაჭერა მიიღო ირანის სამხედრო და სასულიერო ელიტიდან, მათ შორის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ლიდერების, პრეზიდენტ მასუდ პეზეშქიანისა და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მხრიდან.

მოჯთაბა ხამენეიმ მხარდაჭერა და მილოცვა რამდენიმე საერთაშორისო ლიდერისგანაც მიიღო:

ომანი

ომანი იყო მედიატორი ირანსა და აშშ-ს შორის ბოლო მოლაპარაკებებში, რომლებიც გასულ თვეში ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის დაწყების შემდეგ ჩაიშალა.

ოფიციალური "ომანის ახალი ამბების სააგენტოს" ცნობით, ომანის სულთანმა ჰაითამ ბინ ტარიკ ალ საიდმა ორშაბათს ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად დანიშვნა "დეპეშით" მიულოცა.

ერაყი

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შია ალ-სუდანიმ ორშაბათს ასევე მიულოცა ხამენეის დანიშვნა.

"გამოვხატავთ რწმენას, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელობა შეძლებს ამ მგრძნობიარე ეტაპის მართვას და ირანელი ხალხის ერთიანობის განმტკიცებას მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაში", - ნათქვამია ალ-სუდანის განცხადებაში.
მან დაადასტურა ერაყის სოლიდარობა და მხარდაჭერა ირანისა და იმ "ნაბიჯების მიმართ, რომლებიც კონფლიქტის დასრულებასა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების უარყოფას ისახავს მიზნად, რათა შენარჩუნდეს რეგიონის სხვა ქვეყნების სტაბილურობა".

რუსეთი

ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანს "ურყევი მხარდაჭერა" აღუთქვა.

"მსურს, დავადასტურო თეირანის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა და ირანელი მეგობრებისადმი სოლიდარობა", - ნათქვამია პუტინის მიმართვაში.

მან დასძინა, რომ "რუსეთი იყო და რჩება ირანის საიმედო პარტნიორად".

"იმ დროს, როდესაც ირანი შეიარაღებულ აგრესიას უპირისპირდება, თქვენი მოღვაწეობა ამ მაღალ თანამდებობაზე, უდავოდ, დიდ სიმამაცესა და თავდადებას მოითხოვს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ჩინეთი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გუო ჯიაკუნმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმცროსი ხამენეის დანიშვნის შესახებ ირანის გადაწყვეტილება "მის კონსტიტუციას ეფუძნებოდა".

"ჩინეთი ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ნებისმიერი საბაბით ჩარევას. ირანის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა პატივცემული უნდა იყოს", - აღნიშნა მან ახალი ლიდერის მიმართ მუქარებზე საპასუხოდ.

პეკინი თეირანის ახლო პარტნიორია და ყოფილი უზენაესი ლიდერის მკვლელობა დაგმო, თუმცა, ამავე დროს, გააკრიტიკა ირანის საპასუხო დარტყმები სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ.

იემენის "ჰუსიტები"

ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნას მიესალმებიან ჰუსიტებიც.

"ვულოცავთ ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მის ხელმძღვანელობასა და ხალხს საიდ მოჯთაბა ხამენეის ისლამური რევოლუციის უზენაეს ლიდერად არჩევას ამ მნიშვნელოვან და საკვანძო მომენტში", - ნათქვამია ჯგუფის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

მათ ახალი ლიდერის შერჩევას "ისლამური რევოლუციის ახალი გამარჯვება და ისლამური რესპუბლიკისა და ერის მტრებისთვის მიყენებული მძლავრი დარტყმა" უწოდეს.

ბელარუსი

ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მოჯთაბა ხამენეიმ ქვეყნის ხელმძღვანელობა "უკიდურესად რთულ დროს" გადაიბარა. მან რწმენა გამოთქვა, რომ ახალი ლიდერის პირობებში ირანი გააგრძელებს საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვას, უზრუნველყოფს სტაბილურ განვითარებას, შეინარჩუნებს სულიერ მემკვიდრეობას და საერთაშორისო ასპარეზზე თავის როლს გააძლიერებს.

"ეს იქნება თქვენი მშობლების, ოჯახისა და საყვარელი ადამიანების, ასევე ყველა იმ ირანელის ხსოვნისადმი მიგებული საუკეთესო პატივი, რომლებიც ახლა სამშობლოს დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

სომხეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც გაუგზავნა მილოცვის წერილი მოჯთაბა ხამენეის ისლამური რევოლუციის უზენაეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით.

"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ისლამური რევოლუციის უზენაეს ლიდერად არჩევის გამო.

დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და ირანს შორის არსებული მჭიდრო კავშირები მომავალშიც განვითარდება და ახალ წარმატებებს მიაღწევს.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით და ირანის მეგობარ ხალხს კეთილდღეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას ვუსურვებ", - ნათქვამია პრემიერის გზავნილში.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა.

„პატივცემულო აიათოლა ხამენეი, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე არჩევას. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სამძიმარი თქვენი მამის, აიათოლა ალი ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები გამომდინარეობს ჩვენი ხალხების ნებიდან, რომლებიც ისტორიულად კეთილმეზობლობასა და მეგობრობაში ცხოვრობდნენ.

გამოვთქვამ იმედს, რომ, ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის სულისკვეთებით, ერთობლივ ძალისხმევას გავაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას. მშვიდობასა და სიმშვიდეს ვუსურვებ ირანის მეგობარ და მოძმე ხალხს“, – ნათქვამია ალიევის მისალოც წერილში.

საქართველო

მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად დანიშვნა მიულოცა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც.

"საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია მილოცვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები