თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში 6 კომპანია და კონსორციუმი შეირჩა. აზიის განვითარების ბანკმა პრეტენდენტების მოკლე სია გამოაქვეყნა.
ADB-ის ოფიციალური მონაცემებით, შერჩეულ პრეტენდენტებს შორის არიან:
- Rina Consulting S.P.A. (იტალია) - ქართულ კომპანია „გერგილთან“ (Gergili Ltd.) ერთად;
- RITES Ltd. (ინდოეთი) და ARG Project LLC - ერთობლივი საწარმო;
- Aarvee Engineering Consultants Limited (ინდოეთი) და CMC - ერთობლივი საწარმო;
- BOTEK Bosphorus Technical Consulting Corp. (თურქეთი) და Balaji Railroad Systems Private Limited (ინდოეთი) - ერთობლივი საწარმო, Georgian Engineering Business Groups-თან პარტნიორობით;
- MC Mobility Consultants GmbH და BERNARD Gruppe ZT GmbH (ავსტრია) - ერთობლივი საწარმო;
- YUKSEL PROJE A.S. (თურქეთი).
ADB-ის მონაცემებით, საკონსულტაციო მომსახურებაზე წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა 2026 წლის 27 ოქტომბერს გაიცა. შერჩეულმა კომპანიებმა საბოლოო სატენდერო წინადადებები 2026 წლის 1 დეკემბრის 16:00 საათამდე (მანილას დროით) უნდა წარადგინონ.
პროექტის განმახორციელებელი უწყება თბილისის განვითარების ფონდია.
შეგახსენებთ, რომ ტენდერი თბილისის აგლომერაციაში საგარეუბნო სარკინიგზო სისტემის (City Train) განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას ითვალისწინებს. კვლევის მიზანია პროექტის განხორციელების შესაძლებლობების შეფასება.
თბილისი-რუსთავისა და თბილისის შემოგარენის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად ADB-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 393 000 აშშ დოლარია. აქედან 333 000 დოლარი საკონსულტაციო მომსახურებასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზეა გათვალისწინებული, 60 000 დოლარი კი სარეზერვო თანხაა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კვლევამ უნდა შეაფასოს სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტი საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით თბილისის მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და დედაქალაქის აღმოსავლეთ რაიონებთან დაკავშირებას ითვალისწინებს.
კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების ოპტიმალური მარშრუტები, სადგურების განთავსება, მგზავრთნაკადები და პროექტის საინვესტიციო და საოპერაციო ხარჯები.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება 8 თვეში უნდა დასრულდეს. მისი შედეგები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის მისაღები საინვესტიციო პაკეტის მომზადებას და პროექტის შესაძლო დაფინანსებას უნდა დაედოს საფუძვლად.
თბილისსა და რუსთავს შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეა "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა. იდეა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე გააჟღერა და განაცხადა, რომ მასზე თბილისის მერია და საქართველოს რკინიგზა იმუშავებდნენ. პრეზენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამგორი ლილოსა და აეროპორტს უნდა დაკავშირებოდა, მეორე ეტაპზე კი რუსთავის თბილისთან დაკავშირება იგეგმებოდა, თუმცა შემდგომში აღნიშნული პროექტის განვითარება შეჩერდა.
























