16 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი სამთავრობო კაბინეტი დაამტკიცა. მისი მეთაური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, სერჰი კორეცკი იქნება. ეკონომიკური მიმართულებით სამთავრობო პორტფელებს კი ალექსანდრ კრავჩენკო და სერჰი მარჩენკო ჩაიბარებენ.
თავად კრავჩენკო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის რეორგანიზებულ უწყებას უხელმძღვანელებს. მარჩენკო კი მინისტრის პოსტს კიდევ ერთხელ შეინარჩუნებს.
რაც შეეხება მინისტრების შესახებ ბიოგრაფიულ და საინტერესო ინფორმაციას, ალექსანდრ კრავჩენკო 1983 წელს ბორისპოლში დაიბადა. მან კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხით დაასრულა. მოგვიანებით ლონდონის ბიზნესის სკოლის MBA ხარისხიც მოიპოვა.
კრავჩენკო წლების განმავლობაში McKinsey & Company-ის საერთაშორისო ფირმაში მუშაობდა. ამ ორგანიზაციაში მან საქმიანობა უფროსი ანალიტიკოსის პოსტზე დაიწყო, საბოლოოდ კი კიევის ოფისის მმართველი პარტნიორი გახდა. იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ენერგეტიკისა და ნედლეულის სექტორებსს ხელმძღვანელობდა. ბოლო პერიოდში ახალი მინისტრი კიევის ეკონომიკის სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრთა რიგებში ირიცხებოდა.
რაც შეეხება სერჰი მარჩენკოს, მან უკრაინის სახელმწიფო ფისკალური საგადასახადო სამსახურის აკადემია 2002 წელს დაასრულა. მოგვიანებით მან ფინანსთა სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ის წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროსა და მინისტრთა კაბინეტის სამდივნოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. იგი რეფორმების განხორციელების საპრეზიდენტო საკოორდინაციო ცენტრის პროექტებშიც მონაწილეობდა. ამ პერიოდში მან საბიუჯეტო კოდექსის შემუშავებას უხელმძღვანელა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წლების განმავლობაში იგი ქართველი ბიზნესმენის, კახა ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრის ექსპერტად მუშაობდა. მოგვიანებით მან უკრაინის ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიცია დაიკავა. უკრაინის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე კი პირველად 2020 წელს დაინიშნა და მას შემდეგ ამ პოზიციას ინარჩუნებს.




























