თელავში, ვარდისუბანში ავტომომსახურების ახალი ცენტრი „ვინტო“ გაიხსნა.
როგორც კომპანია "ვინტოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლოზ ხოდელმა BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ აღნიშნა, ახალი სერვისცენტრი კახეთის რეგიონში როგორც ადგილობრივ, ისე მოგზაურ მძღოლებს მაღალი ხარისხის ექსპრეს მომსახურებას შესთავაზებს.
„ვისოლ ჯგუფი“, რომელიც 15 წელია ავტომომსახურების სფეროში საქმიანობს, ხოლო 2023 წლიდან „ვინტოს“ ბრენდით ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ამ ეტაპზე „ვინტოს“ სერვისცენტრები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და უკვე თელავშიც მოქმედებს. კომპანიის მიზანია, თანამედროვე და უსწრაფესი მომსახურება ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ხელმისაწვდომი გახადოს.
„ივნისის დასაწყისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყეთ და 25 ივლისს ოფიციალურად თელავის ფილიალი გავხსენით. პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია – მომხმარებელი სიახლეს ელოდა და თელავში ამ ტიპის მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნა იგრძნობოდა, განსაკუთრებით სატვირთო სეგმენტში“, - ამბობს ხოდელი.
მისი თქმით, რთველის სეზონის მოახლოების ფონზე რეგიონში სატრანსპორტო სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება, რაც გახსნის დროული გადაწყვეტილება იყო. ის დასძენს, რომ ახალი ცენტრი გათვლილია როგორც საცალო, ისე კორპორატიულ და სატვირთო მომხმარებელზე.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თელავი და მისი მიმდებარე ტერიტორიები აქტიური განვითარების ეტაპზეა – იგეგმება ავტობანის მშენებლობაც, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ლოკაციის სტრატეგიულობას.
ნიკოლოზ ხოდელი ამბობს, რომ „ვინტო“ მომხმარებლებს ავტომობილის სწრაფ, მაქსიმუმ 20-წუთიან ექსპრეს მომსახურებას სთავაზობს. სერვისები ყველა ცვეთად ნაწილს მოიცავს - საცხებ-საპოხი მასალების შეცვლას, ხუნდებს, ფილტრებს, საბურავების სერვისსა და რეალიზაციას. მისივე განმარტებით, კომპანიის პრიორიტეტია, კლიენტმა სრულფასოვანი მომსახურება მიიღოს მინიმალურ დროში, უმაღლესი ხარისხის პროდუქტით.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე “ვინტო” საქართველოში 25-ზე მეტ წამყვან საერთაშორისო ბრენდს ექსკლუზიურად წარმოადგენს. კომპანიის მომდევნო სტრატეგიული ნაბიჯი კი ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებაა, რაც წლის ბოლომდეა დაგეგმილი.




























