"ტურიზმისთვის მეტი სტუმარი, დამშვიდებული და პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა უკეთესია", - ამის შასახებ სასტუმროების მენეჯმენტკომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაია წერეთელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ გამო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ტურიზმის სექტორზე გავლენის კომენტირებისას განაცხადა. McInerney Hospitality International-ი Courtyard by Marriott Batumi-ის მმართველი კომპანიაა და როგორც მაია წერეთელი ამბობს, პროტესტს ჯავშნებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ იქვე ისიც აღნიშნა, რომ ბათუმისგან განსხვავებით, დატვირთულობა შეუმცირდათ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
- როდესაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე ასეთი ამბები ხდება, ბუნებრივია, ამან ნამდვილად იქონია გავლენა რუსთაველზე მდებარე, 5-6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების დატვირთვაზე... იქნებ დავინდოთ ხოლმე ტურიზმი და სადმე სხვაგანაც ჩავატაროთ გამოსვლები...
- 1.5 თვეზე მეტია რუსთაველზე ქვეყნის ბედი წყდება, არათუ ტურიზმის... თან აქციები ძალიან მოძრავიაა, მარშის სახე აქვს...
- არ მგონია, რომ საპროტესტო აქციების გამო ტურიზმი დასამარდება, ცხადია, ასე არ მოხდება, მაგრამ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისი საქმის და თავისი სფეროსადმი ზრუნვის აღქმა, რომ კარგად დავფიქრდეთ, ხოლმე... ვინც ტურიზმის ბიზნესშია, არ მგონია, მიესალმებოდეს ამ აქციებს რუსთაველზე...
- თუ ვინმემ უნდა იზრუნოს ტურიზმზე, რათა სექტორი არ დაზიანდეს, ალბათ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას მართებს. აქციები ხომ ქვეყანაში „რუსული კანონის“ მობრუნების გამო დაიწყო?
- რა თქმა უნდა, გეთანხმებით.
- რა მოლოდინები გაქვთ ზაფხულის სეზონისთვის ტურიზმის ინდუსტრიაში?
- ზაფხული შავიზღვისპირეთისთვის, ბათუმისთვის ოქროს ხანაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბათუმში აქციებს რაიმე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია სასტუმროების დატვირთულობაზე, მაგრამ ზოგადად, აქციები გავლენას ახდენს. ვინც საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, ორჯერ დაფიქრდება, ჩამოვიდეს თუ არა, როცა მისი სასტუროს წინ ასეთი რამე ხდება... მეც ასე მოვიქცეოდი, სხვა ქვეყანაში რომ მივდიოდე სამოგზაუროდ, თუმცა ბათუმში არ იყო იმ მასშტაბის აქციები, რომ გავლენა ექონია ჯავშნებზე. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მხოლოდ ერთ პატარა სასტუმროს ვმართავთ - Boutique Hotel Octava-ს, რომელიც რუსთაველზე მდებარეობს და ცხადია, ამ დღეებში დატვირთვა ნაკლები იყო და ნაწილობრივ ჯავშნებიც გაუქმდა; ეს არც არის გასაკვირი. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები „რადისონი“, „თბილისი მარიოტი“ და „ქორთიარდ მარიოტი“ კი, საკმაოდ დაზარალდნენ - განსაკუთრებით ბოლო ორი, რადგან აქციების ეპიცენტრში არიან და ჩემი კოლეგებისგანაც ვიცი, რომ დატვირთულობაზე გავლენა იქონია. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ნეგატიური შედეგით არ დასრულდება და რაღაც შეთანხმებამდე მივლენ ის ადამიანები, ვინც {რუსული} კანონის განხილვაშია ჩართული.
- თუ ვინმეს მართებს კომპრომისი, ხელისუფლებაა, რომელმაც უნდა გაიგონოს ხალხის დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ და საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები...