მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა - დათვლილია ხმების 66.69%

ვიქტორ ორბანი და პიტერ მაგიარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ისტორიულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერ პეტერ მაგიართან მარცხი ოფიციალურად აღიარა.

აღნიშნული შედეგით ქვეყანაში ორბანის 16-წლიანი მმართველობა სრულდება. მაგიარმა დაადასტურა, რომ პრემიერმა მას გამარჯვება სატელეფონო საუბრისას მიულოცა. რამდენიმე წუთის წინ ორბანმა მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები ნათელია და რომ ეს მისი პარტიისთვის "საკმაოდ მტკივნეულია".

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 78% პროცენტი შეადგინა, რაც პოსტკომუნისტური უნგრეთის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, პიტერ მაგიარის პარტია Tisza პარლამენტში 137 მანდატს იღებს. ამ შედეგით ის ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის. რაც შეეხება ორბანის პარტიას, Fidesz-ი მხოლოდ 55 მანდატს დასჯერდება. პარალელურად ულტრამემარჯვენე პარტია საკანონმდებლო ორგანოში 7 ადგილს დაიკავებს.

ოპოზიციის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ახალი ამომრჩევლების მობილიზება აღმოჩნდა. კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით, პარტია Tisza-ს იმ მოქალაქეების 62%-მა დაუჭირა მხარი, რომლებმაც ან წინა არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა ან ხმის უფლებით პირველად ისარგებლეს. ამას გარდა, პიტერ მაგიარის პოლიტიკურმა ძალამ მმართველი გუნდის, Fidesz-ის ძველი ამომრჩევლების 9%-ის მიმხრობაც შეძლო.

ვიქტორ ორბანის დამარცხება ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტზე დიდ გავლენას იქონიებს. წლების განმავლობაში ის ევროკავშირის არაერთ ინიციატივას, მათ შორის უკრაინისთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს ბლოკავდა. ორბანი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევა. საგულისხმოა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა და ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები