მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვირუსთან ბრძოლის 3 იარაღი გვაქვს - ამირან გამყრელიძე

61152e84617b7
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 18:20
1745
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში 3 მთავარ იარაღს ასახელებს და ამბობს, რომ ვაქციანციის ინტენსიფიცირება მნიშნელოვანია.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ ეპიდემიის გაზრდილი მაჩვენებლების პირობებში კლასტერულ კერებში მოსახლეობას აცრა „სინოვაკით“ ურჩია, რადგან დოზებს შორის პერიოდი ყველაზე მცირე სწორედ ამ წარმოების ვაქცინას აქვს.

„ინფექციის შეკავების დღევანდელი სტრატეგია დაიყვანება რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე. გასული წლისგან განსხვავებით წელს კიდევ სხვა იარაღია, რომელიც გასულ წელს არ იყო - ეს ვაქცინაა, ამიტომ ვაქცინაციის ინტენსიფიცირება და მოკლე დროში მოსახლეობის დიდი რაოდენობის აცრა ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ფაქტორია. დღეს ერთ-ერთი რეკომენდაცია ისაა, რომ სადაც გვაქვს კლასტერული ეპიდაფეთქებები, იმისთვის რომ სწრაფად მოხდეს ვაქცინაცია, მოსახლეობა მოკლევადიანი ვაქცინით უნდა აიცრას. ამ შემთხვევაში „სინოვაკის“ მარაგი ქვეყანაში საკმარისია იმუნური ფენის მისაღებად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვაქცინაციის ინტენსივობის გაზრდისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამცრელი პუნქტების გახსნას აანონსებს.

„დღეისთვის მაქსიმუმი 26 000-მდე აცრა გვქონდა, მომდევნო დღეებშიც 23 000 ფარგლებში გვაქვს, მოგეხსენებათ, ფაიზერით ვაქცინაციის ვადა 15-მდე გვქონდა გახსნილი და ამის შემდეგ აქტივობა მოსახლეობის მხრიდან ნელდება. გარდა წინასწარი ბუქინგისა აქტიურად მიმართეთ ამცრელ დაწესებულებებს, ასეთი ქვეყანაში 184 სამედიცინო დაწესებულებაა 354 ბრიგადით. დღეს გაიხსნა ამცრელი ცენტრი მცხეთაში, ხვალ ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში ამცრელი დაწესებულება ამოქმედება, რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არის აფილირებული. ასეთივე ცენტრები მომავალი კვირის განმავლობაში დიდ უნივერსიტეტების სივრცეებში გაჩნდება თბილისში, ქუთაისში წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან, ბათუმში. ამ დაწესებულებებში ადამიანები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას. ისევე როგორც ყველა ამცრელ სივრცეში არის ვირტუალური კაბინეტები სადაც ჩაწერის გარეშე ადამიანები შეიძლება მივიდნენ და აიცრან. დღეს აცრილი ადამიანების 15% წინასწარი ბუქინგის გარეშე მიდის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, „ფაიზერის“ ჯავშნებზე რეგისტრაცია მესამე დღეა რაც მიმდინარეობს და 170 000 ადამიანი უკვე ჩაეწერა, როგორ მეორე დოზაზე, ასევე პირველ დოზაზე.

„ჩაწერა ინტენსიურია, მაგრამ არა ისეთი როგორიც გვინდა რომ იყოს. აცრებზე გადის პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მთავარი გზა. მეორე გახლავთ პირბადის მანდატორული ტარება. გთხოვთ, რომ მანდატორულად არის მისი ხმარება დახურულ სივრცეებსა და 5 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების შემთხვევაში, მაგრამ გთხოვთ, ყველგან ატაროთ პირბადე, რამეთუ პირბადე აცრასთან ერთად პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღია. მესამე გახლავთ არაფარმაცევტული შემზღუდავი ღონისძიებები, რაც დღეს საბჭომ მიიღო“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ და NCDC-ის მიერ საკოორდინაციო საბჭოზე დაყენებული ახალი რეგულაციების რეკომენდაციაზე ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები