მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის არ დასჭირდება გრანტის მიღებაზე მთავრობის ნებართვა?

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

"ქართული ოცნების" მთავრობამ დონორის მიერ გრანტის გაცემისას მთავრობასთან შეთანხმების წესი დაამტკიცა. დადგენილებაში განისაზღვრა იმ საგრანტო პროგრამების ჩამონათვალიც, რომელთა მისაღებად მთავრობის ნებართვა არ არის საჭირო.

2025 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.

ამის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" კვლავ შეიტანა ცვლილებები კანონში და დაამატა იმ გრანტების ჩამონათვალი, რომელთა მისაღებადაც მთავრობის ნებართვა საჭირო არ არის.

მთავრობის ნებართვის გარეშე შემდეგი სახის უცხოური გრანტის მიღებაა შესაძლებელი:

  • საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე;
  • საქართველოს ფარგლებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე;
  • ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამა „ერაზმუს+“ („Erasmus+“), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ („Creative Europe“) პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებზე;
  • 2025 წლის 17 აპრილამდე დადებულ გრანტის ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ გრანტის ხელშეკრულებაში შეიცვალა

ამას გარდა, განსხვავებული წესი იმოქმედებს საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე. ამ ინსტიტუტების მიერ გაცემულ გრანტებს მთავრობის თანხმობა არ დასჭირდება, თუმცა თუ ისინი საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გასცემს გრანტს, თავად ეს ორგანიზაცია წარადგენს გრანტის ხელშეკრულების პროექტს.

16 აპრილს ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები და საბოლოოდ აუკრძალა დონორებს მათი ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა. ამ ცვლილების შემდეგ დონორებმა მედიისთვის თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის მიცემამდე ნებართვა მთავრობისგან უნდა აიღონ. მედიის ნაწილში საუბარია მხოლოდ ონლაინ მედიაზე, რადგან მიმდინარე წლის დასაწყისში “ქართულმა ოცნებამ”ტელევიზიებს უცხოური დაფინანსების მიღება უკვე აუკრძალა.

ახალი წესით, დონორებმა საგრანტო ხელშეკრულება მთავრობის უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინონ, რომელმაც 10 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს მისცემს თუ არა რომელიმე დონორს გრანტის მიცემის გაცემის უფლებას. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი დაევალა ანტიკორუფციულ ბიუროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები