მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ეკუთვნის და რა აქტივებს ფლობენ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეიმედი და Postv

imedi

24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა "ტელეიმედი" და "პოსტვ" დაასანქცირა. სანქციების განმარტებაში ნათქვამია, რომ არხების დასანქცირება რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოხდა.

სანქციები მოიცავს: აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვას და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ "ტელეიმედის" მფლობელი 2026 წლის 6 თებერვალს შეიცვალა - ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა, "ტელეიმედის" მფლობელი კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 50%, რომელიც GDS-სა და რადიო იმედსაც მოიცავს "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა, მეორე 50%-ის მფლობელები კი ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არსებული პირები - მარიამ ლომიძე (10%); ვასილ კალანდარიშვილი (10%); ირაკლი ჩიხლაძე (10%); ნათია სონღულაშვილი (10%) და მაია ჩიგოშვილი (10%).

საჯარო რეესტრის თანახმად, ბელიაშვილის ქუჩაზე "ტელეიმედის" და "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" აქტივები "ლიბერთი ბანკის" იპოთეკით არის დატვირთული. ამასთან, ტელეკომპანიას გააჩნია სხვა მსხვილი ვალდებულებებიც, 459 მილიონი ლარის ოდენობით.

ტელევიზიას 2025 წელს 45 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი ჰქონდა.

რაც შეეხება პოსტვ-ის მისი მფლობელები არიან: თემურ ჭარელაშვილი - 24%; შალვა რამიშვილი - 24%; დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე - 52% (წილის მმართველია ზაზა მარიდაშვილი).

ტელეკომპანიას 2025 წელს 8 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი ჰქონდა. არხის აქტივები 12.3 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 9 მილიონი ლარია. ტელევიზიას 2024 წელს 1 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, 2025 წლის მაჩვენებლები ჯერჯერობით უცნობია.

სანქციების განმარტებით ბარათში ნათქვამია:

„სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ არსებობს ეჭვის გონივრული საფუძველი, რათა ტელეკომპანია „იმედი“, „2019 წლის რუსეთის (სანქციების) (ევროკავშირიდან გასვლის) რეგულაციების“ თანახმად, მიჩნეულ იქნეს „ჩართულ პირად“ (involved person), შემდეგი გარემოების საფუძველზე:

იგი ძირითადად საქართველოში მყოფი აუდიტორიისთვის ავრცელებს და წარსულშიც ავრცელებდა განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. ეს კი მხარს უჭერს ან წაახალისებს ისეთ პოლიტიკასა თუ ქმედებას, რომელიც იწვევს უკრაინის დესტაბილიზაციას, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს ისეთი შინაარსის მასალებს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და თითქოს უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ", - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები