მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის და რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს RMG Gold-ს?

6389e81bc687d
BM.GE
02.12.22 13:50
7050
საქართველოში ძვირფასი მეტალების უმსხვილესი მომპოვებელი ჯგუფი RMG ჰოლდინგია, რომელიც RMG Copper-სა და RMG Gold-ს აერთიანებს. კომპანიების აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მათი საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსი მილიარდერი დიმიტრი ტროიცკია. რუსული Forbes-ის ინფორმაციით, დმიტრი ტროიცკის ქონება $550 მილიონს შეადგენს. 

როგორც RMG Copper-მა, ასევე RMG Gold-მა 2021 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, ორივე კომპანიას გასულ წელს 700 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი და 130 მილიონზე დიდი წმინდა მოგება ჰქონდა.

უფრო დეტალურად, კომპანიების შედეგები ასე ნაწილდება:

RMG Copper - შემოსავალი 2021 წელს 439.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 92.7 მილიონი ლარი;
RMG Gold - შემოსავალი 2021 წელს 298.3 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 45.4 მილიონი ლარი.

თუმცა, კომპანიების შემოსავალი უფრო დიდი იყო 2020 წელს, როდესაც ამ ფირმების ჯამური შემოსავალი 875 მილიონ ლარს, ხოლო წმინდა მოგება 350 მილიონ ლარს აღემატებოდა.

რუსმა ბიზნესმენმა RMG ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტი 2012 წელს შეიძინა, აღნიშნული გარიგების ღირებულება, Bloomberg-ის ინფორმაციით, $120 მილიონს შეადგენდა. ამასთან, ეს კომპანიები ფლობენ ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებულ მოპოვებით ლიცენზიებს. კერძოდ, RMG Gold-მა 110 მილიონი გადაიხადა ბოლნისსა და დმანისში ოქროს მოპოვების ლიცენზიაში, ხოლო RMG Copper-ი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ ტერიტორიებზე სპილენძის და პოლიმეტალების მოპოვების 93.5-მილიონიან ლიცენზიას ფლობს.

RMG Gold-ის მმართველობით ანგარიშგებაში საუბარია ოქროს რეზერვების მოცულობაზე, რომელიც სალიცენზიო არეალშია მიკვლეული:

"ამ ეტაპზე არსებული მარაგების გათვალისწინებით, საყდრისის საბადოდან ოქსიდური მადნის მოპოვება 618 ათასი ტონის რაოდენობით არის მოსალოდნელი რაც შეიცავს დაახლოებით 13 ათას უნცია ოქროს (1 უნცია 31.1035 გრამია); მოცემული რაოდენობის ამოღება უნდა მოხდეს 2024 წლის ბოლომდე.

ბნელი ხევის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1.8 მილიონი ტონა მადნის გადამუშავება, რომელიც შეიცავს 51 ათას უნცია ოქროს. ამ პროექტის ფარგლებში გადამუშავება უნდა დასრულდეს 2024 წელს.

სს არემჯი კოპერისთვის ოქრო სპილენძის მადნების მოპოვება იგეგმება 7.9 მილიონი ტონის ოდენობით, რომელშიც ოქროს შემცველობა იგეგმება 247 ათასი უნციის ოდენობით, ხოლო სპილენძის შემცველობა 20 ათასი ტონის ოდენობით. მოცემული რაოდენობის მადნის მოპოვება იგეგმება 2028 წლის ბოლომდე,”- ნათქვამია ანგარიშგებაში.

Forbes-ის თანახმად, ბიზნესმენმა დიმიტრი ტროიცკიმ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში ავტომობილებით ვაჭრობით დააგროვა, შემდგომ კი რუსეთის ერთ- ერთი წარმატებული რიტეილის ქსელი O’Key დააფუძნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები