მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?

63d3e6413aace
BM.GE
27.01.23 18:58
25959
რუსთავში, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ახალი საწარმოს “რუსთავოილის” ახალი ბრენდის პრეზენტაცია შედგა. რებრენდინგის შემდეგ კომპანია ბაზარზე “სერპენსის” სახელით განაგრძობს ოპერირებას. კომპანია ბიტუმის წარმოებას გეგმავს. 

კომპანიას ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში რუსთავის სამრეწველო ზონაში 10 ჰა-მდე ტერიტორია გადაეცა, სადაც 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 16.8 მილიონი ლარი იყო, ხოლო კომპანიის საოპერაციო ზარალმა 0.5 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის აქტივების ზომა 19 მილიონი ლარია. 

სააქციო საზოგადოება "რუსთავოილი" 2016 წელს დაფუძნდა, კომპანიის მფლობელია შპს "ოილინვესტი“, რომლის მესაკუთრეებიც თეა ნაფეტვარიძე (33.5%); თეონა გვარამაძე (33.5%) და კახი ჟორდანია (33%) არიან. 

კომპანიის წარმომადგენლის, ირაკლი გოგოლაძის განცხადებით, ბიტუმი ასფალტის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია და "სერპენსი" ამ მხრივ ბაზრის ათვისებას გეგმავს.

„მოგეხსენებათ, ბიტუმი ასფალტის წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და მეტწილად განსაზღვრავს გზების ხარისხს. ჩვენი საწარმო წარმოადგენს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, რკინიგზის ჩიხით, ნედლეულის მიღების და მისი დიდი მოცულობით დასაწყობების ინფრასტრუქტურით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კონკურენტუნარიან ფასად ვაწარმოოთ ევროსტანდარტის შესაბამისი პროდუქცია. ჩვენთან იწარმოება სხვადასხვა რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისი ექვსი მარკის ბიტუმი, რაც ასფალტის ხარისხს და მის ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად ზრდის. საწარმოს აქვს საშუალება, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ასფალტის მწარმოებელს შეუფერხებლად მიაწოდოს ბიტუმი, გამოყენებისთვის ოპტიმალურ კონდიციაში, შეკვეთიდან 1-7 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა „სერპენსის“ წარმომადგენელმა ირაკლი გოგოლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები