აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მოულოდნელი ვიზიტის დროს საქართველოში, როდესაც ის საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა და ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს, არცერთი სიტყვა არ თქმულა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ, მაშინ, როცა ილჰამ ალიევმა გამოთქვა მზაობა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა საქართველოში და ამ პროექტებს შორის, ანაკლიის პორტის პროექტიც დაასახელა. აქამდე ამ პროექტში აზერბაიჯანის ინტერესის შესახებ, არაფერი იყო ცნობილი.
წინა კვირას „ანალიტიკას“ პირდაპირ ეთერში ERRA-ს პრეზიდენტმა და GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ თქვა, რომ საქართველომ მეტი გონიერება უნდა გამოიჩინოს, რომ არ დარჩეს მხოლოდ ტრანზიტის ქვეყნად, არამედ, სრულად აითვისოს ის პოტენციალი, რასაც ქვეყანაში ინვესტირებით დაინტერესებულ კომპანიებს ექსპორტის თვალსაზრისით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ჰპირდება.
„ეს არის ქართული პროექტი და საქართველოს უნდა ჰქონდეს წამყვანი როლი“ – თქვა მაია მელიქიძემ წინა კვირას „ანალიტიკა“–ში.
„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა, დღეს, ისევ „ანალიტიკა“–ში თქვა, რომ ეს იდეა ორივე ქვეყანას ეკუთვნის.
- შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ახსენეთ, ეს ქართული პროექტია?
- ეს არის აზერბაიჯანი, საქართველო და ევროპაში – რუმინეთი, ბულგარეთი – რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ პროექტს.
- ინიციატორი ვინ არის?
- ინიციატორი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტია.
- და არა – საქართველო?
თუ აზერბაიჯანიდან რაღაც მიდის საქართველოს გავლით, ე.ი. მოლაპარაკების ფონზე ეს პროექტი იქმნება.
მაგრამ – იდეა ვისია?
იდეა, არ ვიცი. მაგრამ მე ვიცი, რომ ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის იდეა იყო ჰეიდარ ალიევის.
- და – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის?
მე მგონი, ორივე ქვეყნის. იმიტომ რომ ორივე ქვეყნისთვის ძალიან გამოსადეგია.