მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიძლება აინტერესებდეს აზერბაიჯანს ანაკლიის პორტი? – ზურაბ გარაყანიძის მოსაზრება

ეკონომისტი

„არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანი ფიქრობს, ანაკლიაში ააშენოს გათხევადებული გაზის ტერმინალი და იქიდან ევროპა ტანკერებით მოამარაგოს“, -  ასე ხსნის ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ზურაბ გარაყანიძე რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბაქოს ანაკლიის პორტის პროექტი აინტერესებს.

“გვაქვს სურვილი, მონაწილეობა მივიღოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, იქნება ეს ანაკლიის პორტი თუ სხვა”, - თქვა ილჰამ ალიევმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ზურაბ გარაყანიძემ აზერბაიჯანის ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესება ყულევის ტერმინალს, კერძოდ, კომპანია „შავი ზღვის ტერმინალს“ დაუკავშირა, რომელიც აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ საკუთრებაა. 

საქმე ის არის, რომ ყულევის ტერმინალი პროექტით გათვალისწინებულ ანაკლიის პორტთან ახლოს მდებარეობს.

„აზერბაიჯან-თურქეთს შორის დიდი ძმობაა, მაგრამ როდესაც ენერგეტიკას და ფულს ეხება საქმე, დიდი კონკურენციაა. ამდენად, თავიდანვე იყო საუბარი, რომ იქნებ აზერბაიჯანმა მიიყვანოს თავისი მილსადენი შავი ზღვის სანაპიროზე და იქიდან ტანკერებით მოახდინოს თხევადი გაზის ტრანსპორტირება რუმინეთში ან ბულგარეთში და ამით თურქეთის დიქტატს თავის დააღწიოს.
არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც აზერბაიჯანის მხრიდან ამ თემამ წამოიწიოს, გამომდინარე იქიდან, რომ თურქული ტრანზიტის საკითხები გამწვავდა.

ანაკლიის ყველაზე მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ ისაა ღრმაწყლოვანი პორტი. მსოფლიოში ყველაზე დიდი ტანკერები არიან თხევადი გაზის LNG ტანკერები, რომლის წყალჯდომა, დაახლოებით, 21 მეტრია. შავ ზღვაზე სხვა არცერთ პორტს არ აქვს ასეთი გემების მიღების საშუალება.

ამდენად, არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანი ფიქრობს, ანაკლიაში ააშენოს გათხევადებული გაზის ტერმინალი და იქიდან ტანკერებით მოამარაგოს ევროპა.  ეს ძალიან კარგი თემაა. ბუნებრივი გაზის 60% ისევ მილებით მიეწოდება გრძელვადიანი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე და სპოტვაჭრობის წილი, დაახლოებით, 40%-ია“, - განაცხადა ზურაბ გარაყანიძემ.

რაც შეეხება, ალიევის კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც ყულევის ტერმინალის გაფართოებას შეეხება, ეკონომიკის დოქტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანი გაზსაცავის აშენებას განიხილავდეს.

„ყულევში, „შავი ზღვის ტერმინალის“ გვერდზე, მდინარე ხობისწყალთან არის ორი ყოფილი ნავთობის საბადო, მარაგები ამოწურულია და დღეს ეს საბადოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მიწისქვეშა გაზსაცავები; ექსპერტული დათვლებით, ამ გაზსაცავებში, შეიძლება, 2-3 კუბური მეტრის გაზის შენახვა და ზუსტად ეს არის ჰაბის ერთ-ერთი მოთხოვნა -  უნდა გქონდეს მიწისქვეშა გაზსაცავი, უნდა გქონდეს მსოფლიო ბაზრებზე ტანკერებით გასვლის საშუალება და შესაბამისად, ბაზარზე ფასების ლავირების საშუალება - თუ დაინახავ, რომ იაფდება გაზი, ნაკლებს მიაწვდი გაზსაცავიდან და პირიქით“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში ზურაბ გარაყანიძემ დადებითად შეაფასა მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტში 51%-იანი წილის ფლობასთან დაკავშირებით.

„ერთი შეხედვით ცუდად ჟღერს, რომ სახელმწიფო იქნება მაჟორიტარი აქციების მფლობელი, მაგრამ ცუდი აზრი არაა“, - აღნიშნა მან. ეკონომისტის აზრით, სახელმწიფო, როგორც მაჟორიტარი აქციონერი დაინტერესებული იქნება, რომ მეტი ფრახტი <ფრახტი - გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა> მოიზიდოს პორტში. 

„ეს პროცესი მოითხოვს [ყულევის] ტერმინალის განვითარებას“ – ალი ბაბაევი 

„აზერბაიჯანისთვისაც მისაღები იქნება ეს [ანაკლიის] პორტი“ – ალი ბაბაევი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები