„აზერბაიჯანს დღეს აქვს საშუალება, რომ თავისი ნავთობის გარდა, გადაამუშავოს თურქმენეთის, ყაზახეთის ნავთობი და შემდეგ, ევროპისკენ საქართველოს გავლით გაიტანოს“ – ამბობს „ანალიტიკა“–ს ეთერში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი.
ბაბაევი სწორედ მოთხოვნის ზრდით ხსნის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას – რომ აზერბაიჯანი მზად არის, ჩაერთოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში – მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ყულევის პორტის გაფართოებაც.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ყულევის ნავთობტერმინალს კომპანია Socar-ი 2006 წლიდან ფლობს. ტერმინალში სულ 27 რეზერვუარი მდებარეობს, რომელთა ჯამური მოცულობაც 402 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. ამ ტერმინალების საერთო გამტარიანობა წლიურად 10 მილიონი ტონაა.
ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წელს შევიდა და მისი საშუალებით ნედლი ნავთობი და გადამუშავებული ნავთობპროდუქტები დასავლეთის ბაზრებზე გადის. უცნობია რა იყო ტერმინალის შემოსავალი 2022 წელს, თუმცა 2021 წელს ყულევის ტერმინალმა 64 მილიონი ლარის შემოსავალი და 19 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.
ტერმინალის აქტივები 159 მილიონი ლარის ტოლია. ოფიციალურად უცნობია ზუსტად რა სახით განიხილება ამ ტერმინალის გაფართოების საკითხი და რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ამ მიმართულებით.
„თქვენ კარგად იცით, რომ აზერბაიჯანი, თურქეთის მერე, საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორია. დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული: ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი; ბაქო–თბილისი–ერზრუმი; ბაქო–თბილისი–სუფსა; ბაქო–თბილისი – ყარსის რკინიგზა და სოკარი, რომლის ინვესტიციის მოცულობა 1.6 მილიარდს აღწევს. ერთ–ერთი ასეთი დიდი ინვესტიციაა ყულევის ტერმინალიც: აზერბაიჯანიდან ნავთობი მიდის ყულევის ტერმინალში, ადგილზე ხდება გადამუშავება და მერე მიდის საზღვარგარეთ“ – ამბობს ალი ბაბაევი „ანალიტიკა“–სთან და დასძენს, რომ დღეს მეტის გადამუშავებაა შესაძლებელი, რაც თავისთავად მოითხოვს ტერმინალის გაფართოებას. კონკრეტული დეტალების და პოტენციური ინვესტიციის მოცულობის შესახებ, ალი ბაბაევს ინფორმაცია არ აქვს.