მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ემსახურება ახლა მწვანე ავტობუსები თბილისში? - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

601b041d513d8
ინგა მურუსიძე
04.02.21 00:10
2239
უკვე მესამე თვეა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია. თუმცა, ქალაქში მუნიციპალური ავტობუსები მაინც დადიან, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას და პოლიკლინიკებს ემსახურებიან.

Bm.ge-ს თბილისის მერიის მფლობელობაში არსებულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ მუნიციპალური ავტობუსები სრულიად უსასყიდლოდ, 50-მდე ორგანიზაციას ემსახურება, მათ შორის არიან როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე საავადმყოფოები.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მოქალაქეებს ამ დროისთვის 180 ავტობუსი ემსახურება და მათი მძღოლები საბაზისო ხელფასთან ერთად, დამატებით, საათობრივ ანაზღაურებასაც იღებენ.

„ჩვენ ვემსახურებით 50-მდე ორგანიზაციას, მათ შორის არის საავადმყოფოები და საჯარო უწყებები, ესენია საკვანძო სტრუქტურები, სადაც მაგალითად ღამის მორიგეობებია საჭირო. ძირითადად კლინიკებს და კოვიდ-ექიმებს ვემსახურებით. სატრანსპორტო კომპანიის ყველა მძღოლი საბაზისო ხელფასს უწყვეტად იღებს, თუმცა ის მძღოლები, ვინც დამატებით მუშაობს, დამატებით ანაზღაურებასაც იღებს“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მათი განმარტებით, ყველა ხარჯს, რომელიც ავტობუსებით მომსახურებისთვის არის საჭირო, მათ შორის საწვავს, მუნიციპალიტეტი აანაზღაურებს.

Bm.ge შეეცდება მიიღოს ინფორმაცია, თუ რომელ უწყებებს ემსახურება თბილისის სატრანასპორტო კომპანია და რა დაუჯდა დედაქალაქს ბიუჯეტს ხარჯი, რომელიც უფასოდ მომსახურებისთვის გასწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები