ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ახალი მენეჯმენტის დანიშვნის შემდეგ ტელეკომპანია დავალიანებას პირნათლად იხდის.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე საათის წინ ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.
bm.ge პირველ რიგში, იმ ტელეკომპანიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე 55 მილიონზე დიდი დავალიანება მართებთ. მათ შორისაა "რუსთავი 2”-ც.
რაც შეეხება ძველ დავალიანებას, როგორც სალიამ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, კომპანია გადახდის გეგმა-გრაფიკს ფინანსთა სამინისტროს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
„1 ოქტომბრიდან გადასახადებს ვიხდით; მას შემდეგ, რაც ჩვენ გადმოვიბარეთ მენეჯმენტი, მიმდინარე გადასახადების გადახდა დავიწყეთ. იცით, რომ გვაქვს დაგროვილი დავალიანება და ამ ნაწილში შეიძლება ეხებოდეს ეს განცხადება „რუსთავი 2“-ს. ამ თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ფინანსთა სამინისტროსთან, თუმცა, ჯერ-ჯერობით, საბოლოო შედეგამდე მისული არ ვართ. საკმაოდ დიდი თანხაა და არ გვინდა ისეთ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, რომელიც აპრიორი დაირღვევა. მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, მათ შორის კომპანიაში ტარდება აუდიტი, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება, შესაბამისად, როგორც კი საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, გვექნება ჩვენი პოზიცია სამინისტროსთვის შესათავაზებლად თუ რა ვადაში შევძლებთ წინა წლების დავალიანების გადახდას.
რა თქმა უნდა, დავალიანების გადანაწილება უნდა მოხდეს; ამხელა თანხის ერთბაშად დაფარვა შეუძლებელია. რაც შეეხება შემცირებას, საურავის კუთხით შესაძლებელია, თუმცა ამაზე საბოლოო პასუხი არ გვაქვს. სამინისტრო თავის ფუნქციას ასრულებს და ითხოვს გადასახადების გადახდას იმ ვადაში, რაც გაწერილია კანონმდებლობით. მათი მოთხოვნა კანონშესაბამისია; დანარჩენი, რა როგორ მოხდება და ვინ როგორ აღასრულებს, ეს უკვე გამოჩნდება“, - უთხრა BM.GE-ის სალიამ.