მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის გადაეცა ნობელის პრემია მედიცინის დარგში?

ნობელის პრემია მედიცინაში

ნობელის პრემიას ახალი ლაურეატები ჰყავს. მედიცინის დარგში პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო წელს სამ მეცნიერს ერგო, რომელთაც პერიფერიული იმუნური ტოლერანტობის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. მერი ბრანკო, ფრედ რემსდელი და შიმონ საკაგუჩი - ამ ადამიანების კვლევებმა ახალი ტიპის აზროვნება ჩამოაყალიბა, რამაც სიმსივნისა და ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობის ახალ მეთოდებს დაუდო სათავე.

ნობელის პრემიის ახალი ლაურეატების კვლევის სფერო იმუნური სისტემაა. ის ადამიანის ჯანმრთელობის ქვაკუთხედია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროცესები არ დარეგულირდა, შესაძლოა, სისტემა თვითდაზიანებაზე გადავიდეს. როგორ ინარჩუნებს იმუნური სისტემა ბალანსს? ეს ის მთავარი შეკითხვაა, რომლისთვის პასუხის პოვნას მეცნიერებმა საკუთარი პროფესიული ცხოვრება დაუთმეს.

ბრანკოს, რამსდელის და საკაგუჩის ნაშრომების წყალობით კაცობრიობამ სწორედ ის მექანიზმი აღმოაჩინა, რომელიც იმუნურ სისტემას საკუთარ თავზე თავდასხმაში ხელს უშლის. ასე შემუშავდა მკურნალობის ახალი მეთოდები, რომლებიც უკვე კლინიკური კვლევების ეტაპზეა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენების შედეგი განსაკუთრებით დადებითი იქნება, როგორც სიმსივნისა და ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობაში, ასევე ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ სერიოზული გართულებების თავიდან არიდებაში.

ვინ არიან მერი ბრანკო, ფრედ რამსდელი და შიმონ საკაგუჩი და როგორ მივიდნენ ისინი ნობელის პრემიამდე? სამივე ლაურეატი იმუნოლოგია, რომლებმაც კარიერა მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებში წარმართეს, როგორც ამერიკაში, ასევე იაპონიაში. მეცნიერები, უმეტესწილად, დამოუკიდებლად მუშაობდნენ, მაგრამ პროფესიულ რეზიუმეში თანამშრომლობის არაერთი წარმატებული მაგალითიც აქვთ.

ფრედ რამსდელი 1960 წელს დაბადებული ამერიკელი მეცნიერია, რომლის აკადემიური გამოცდილება უმეტესწილად კალიფორნიის უნივერსიტეტს უკავშირდება. ამჟამად, რამსდელი კომპანია “სონომა ბიოთერაპიუტიქსის” სამეცნიერო მრჩეველია და კომპანიას ახალი თაობის იმუნოთერაპიის განვითარებაში ეხმარება. წლებით ადრე, რამსდელმა და ნობელის პრემიის კიდევ ერთმა ლაურეატმა, მერი ბრანკომ FOXP3-ის ტიპის გენი აღმოაჩინეს, რომელიც იმუნური სისტემის რეგულირებაში ჩართული T-უჯრედის მთავარი განმსაზღვრელია.

თავად მერი ბრანკო 1961 წელს, ამერიკაში დაიბადა და დოქტორის ხარისხი პრინსტონის უნივერსიტეტში მიიღო, კვლევებს კი “სისტემური ბიოლოგიის ინსტიტუტში ატარებს. ბრანკოს აღმოჩენებმა ეს სფერო მეცნიერებისთვის გახსნა და ამ პროცესში წლევანდელი ნობელის პრემიის მესამე ლაურეატი, იაპონელი იმუნოლოგი შიმონ საკაგუჩი ჩართო, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამ გენის მუტაცია ადამიანებში ავტოიმუნურ გადახრებს იწვევს.

მედიცინის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. პრემიის მიზანი ისეთი მეცნიერების დაჯილდოებაა, რომელთა აღმოჩენა სიცოცხლის და ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტურ აღქმას ცვლის და ახალი აღმოჩენებისთვის სერიოზულ საფუძველს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები