რაც შეეხება გუშინ ანუ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო ერთის მხრივ ადგილობრივი არჩევნები და მეორეს მხრივ პროტესტი, რომელსაც გაუთვალისწინებელი ძალადობის ფაქტებიც მოჰყვა, რაც განსხვავებით დეკემბრის მოვლენებისგან ვნახეთ პერსონიფიცირებული შესრულებით. დავიწყოთ ადგილობრივი არჩევნების თემით: სიმართლე გითხრათ ჩემთვის გაუგებარია-რაზე ან/და ვისზე ზეიმობს გამარჯვებას “ქართული ოცნება”? ვინმე თვლით რომ ეს არჩევნები იყო და შეჯიბრი პოლიტიკოსებს, პარტიებს ,მათ იდეებს, პროექტებს და ხედვებს შორის? არცერთი. სხვა პარტიებმა მონაწილეობა არჩევნებში მიიღეს საბიუჯეტო დაფინანსების მიღების და მმართველ პარტიასთან ეპიზოდური ვასვასის გამო, რადგან საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების სხვა წყარო არც დარჩა. მომკალი და ეჭვი მეპარება მმართველმა პარტიამ გააკეთოს რაიმე დასკვნები ამ “არჩევნებიდან”-ისინი გააგრძელებენ საკუთარ “სივრცეში” (ბაბლი) არსებობას და არც ეცდებიან რაიმეს გამოსწორებას რომ მათი ყოველდღიურობა ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს. ვერც იმას მიხვდებიან რომ საბოლოოდ რა %-საც დაიწერენ “არჩევნებში” ერთი მაგდენი მათით უკმაყოფილოა და მობეზრებული 13 წლის მმართველობის თავზე. ამას დაუმატეთ მმართველი პარტიის რიგებში გეომეტრიული პროგრესიით მომრავლებული უკმაყოფილოები ანტიკორუფციული ღონისძიებების ფონზე. ციფრები და რიცხვები კი მმართველი პარტიისთვის უმძიმეს დიაგნოზს სვამს - ავიღოთ მხოლოდ თბილისის მაგალითი, ეს ცესკოს ოფიციალური წინასწარი მონაცემებია, რომელიც კორექციას განიცდის კლებისკენ ახლაც, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, წარმოვიდგინოთ რომ ასეა: თბილისში ამომრჩევლების რაოდენობა 1 043 482 ადამიანს აღწევს. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა 324 281 ( ანუ 31,08%-მა) ამომრჩეველმა მიიღო.აქედან ცესკოს პირველადი მონაცემებით, კახა კალაძემ 214 575 ადამიანის ხმა მიიღო. ანუ კახა კალაძემ მიიღო 80% და შეიძლება მეტიც გუშინდელ არჩევნებში-ზუსტად ვერ გეტყვით-დაელოდეთ ცესკოს, მაგრამ მას აქვს თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ 20.56% მხარდაჭერა.გაკეთდება ამის ფონზე დასკვნები?ძალიან ძალიან მეპარება ეჭვი.ისევე როგორც მეპარება ეჭვი, მმართველ პარტიაში ესმოდეთ მარტივი ჭეშმარიტება, ან თვლაში და არითმეტიკაში მორიგ ჯერზე არეული ირაკლი კობახიძე ოდესმე გაიგებს რომ ათიათასობით ადამიანს ვინც გუშინ საღამოდან პროტესტზე დედაქალაქის ცენტრში გავიდა,საერთოდ წარმოდგენაც არა აქვთ ვინ არის მურთაზ ზოდელავა,პაატა ბურჭულაძე, მითუმეტეს პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ან ირაკლი ნადირაძე.არც ამ ადამიანების და არც ციხეში გამოკეტილ ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას არ გამოუყვანია ათიათასობით ადამიანი რუსთაველზე. ის გამოიყვანა პროტესტმა და მომავალშიც, დარწმუნებული იყავით, პროტესტს გამოჰყვება ხალხი და არა პერსონებს, რადგან საზოგადოების აღმოჩნდა უმრავლესობისთვის წითელი ხაზები ქვეყანაში სამართლიანობასთან დაკავშირებით გადაკვეთილია და ამიტომ პროტესტი გაგრძელდება,ისევე როგორც ამას ცესკოც კი ვერ ცვლის თავის უმძიმეს მონაცემებში არჩევნებთან დაკავშირებით.რაც შეეხება პროტესტს: განსხვავებით დეკემბრის მოვლენებისგან გუშინ ვნახე პროვოკაციების სერია: ”იერიში” პრეზიდენტის სასახლეზე,დარბეული პოლიციელებიც,მათზე მიტანილი იერიში ორბელიანზე, ასევე დალეწილი ორბელიანის მოედნის ნაწილი.მოგვიანებით ვნახეთ უდიდესი ალბათობით სპეცსამსახურების ფილიგრანული სიზუსტით მიშვებული საკუთარი მომიტინგე “თანამშრომლები”, რომლებიც ლეწავდნენ ორბელიანის მოედნის ნაწილს,წვავდნენ გვიან ღამემდე იქაური ბიზნესის და მუნიციპალურ ინვენტარს.ეს ნამდვილად არ გაუკეთებია პოლიციას.განსხვავებით დეკემბრის პროტესტებისა(რის გამოც დღემდე უდანაშაულო ადამიანები მე-8 თვეა ისევ ციხეში სხედან)ბევრი რამ დღეს სახეზე იყო.და პირდაპირ ეთერში.მარტივად ამოსაცნობი პერსონალები და მოქმედი პირები. ხალხის იმედგაცრუებაზე გათვლა ანუ ფრუსტრაციაზე,რომელიც ახლა ახალ სამიზნედ დაისახეს მმართველ პარტიაში,ისეთივე საპნის ბუშტია,როგორც საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ეკონომიკური ზრდით თავის მოწონება.ერთიც და მეორეც სრულად დაშორებულია რეალობას.და ვიდრე ამით გავაგრძელებთ სარკეში საკუთარი თავის დაჯერებას, მერწმუნეთ, არათუ ერთი ნაბიჯი, არამედ როგორც ჟანრის კლასიკოსები გუშინ ამბობდნენ უკვე დეპოში ვართ, ანუ: "აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ”. და ეს მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებლი განცხადებაა იმ ფონზე რომ არსებობს სხვაობა ქურდს და სულელს შორის: ქურდი ყოველთვის არ და ვერ ქურდობს. აი სულელი თუ ხარ, ეს სამუდამოა.


































